ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანის აფეთქების ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმიანება.
როგორც სანაია წერს, როცა მამის თვალწინ შვილი იწვის, ეს სიამოვნებას არავის არ უნდა ანიჭებდეს.
"დუგინის ქალიშვილი მამამისივით პროპაგანდისტი იყო. მის სიკვდილზე ვიტყვი ორ სიტყვას.
სხვათა შორის, საინტერესო საკითხია, როგორ ვიქცევით მტერთან მიმართებით.
როცა მამის თვალწინ შვილის ცხედრის ნარჩენები იწვის, შეუძლებელია, ეს სურათი სიამოვნებას განიჭებდეს. თუნდაც იყოს ისეთი მოსისხლე მტრის ქალიშვილი, როგორიც დუგინია.
ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარი მაქვს, რომ ეს სცენა პირადად მე სიამოვნებას არ მანიჭებს.
მეორე საკითხია – მწყინს თუ არა ეს ამბავი. როცა შენი ერთით მეტი მტერი მკვდარია, ფიქრობ, რომ ერთი ნაბიჯით უახლოვდები გამარჯვებას.
ვფიქრობ, კაცობრიობას არ უწერია მტრობისგან გათავისუფლება. ამიტომ ეს თემა დაიყვანება პიროვნულ დონეზე – ჩვენ როგორ აღვიქვამთ ამ თუ იმ მოვლენას. ომში მტრის გასანადგურებლად იბრძვი, მაგრამ როცა მამის თვალწინ შვილი იწვის, ეს სიამოვნებას არ უნდა განიჭებდეს. უფრო მეტიც, თუ ეს ბრძოლის ველზე არ ხდება, შეიძლება, გადაარჩინო კიდეც.
ომმა მანიაკებად არ უნდა გვაქციოს. ომში მამებს უკლავენ შვილებს, მაგრამ მამის ტანჯვის ყურებით სიამოვნებას არ უნდა იღებდე.
ომის დროს არ არსებობს მკაფიო ხაზი, სად მთავრდება ჩვენში ადამიანი და სად იწყება მხეცი. შესაბამისად, ეს ხაზი ყოველ ჯერზე ჩვენ უნდა გავავლოთ საკუთარ თავში.
ერთი სიტყვით, მტერს ებრძვი და კლავ, მაგრამ ურჩხულად არ უნდა იქცე.
არსებობს გამოთქმა – მტერსაც არ ვუსურვებო… ტყუილად არ უთქვამთ,” – წერს ვახო სანაია.