შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე ზურაბ ჯიბუტი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.
“კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიურად შეძლო მისგან ინტერვიუს აღება:
"2012 წლის 26 მაისს ფიცი დავდე ჩემი ქვეყნისა და უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, რომ ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. დღემდე ვრჩები ამ ფიცის ერთგული. შესაბამისად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ინტერესების წინააღმდეგ” - ამბობს ზურაბ ჯიბუტი.
უკრაინიდან საქართველოში ზურაბი არჩევნების წინადღეებში ჩამოვიდა. მიზეზი ის იყო, რომ უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მას კი საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება სურდა.
“მე ვნახე ბუჩა, გოსტომელი და არ მინდა ამ ყველაფრის საქართველოში გამეორება. თქვენ ეს ყველაფერი მხოლოდ ტელევიზიების ან სოციალური ქსელების საშუალებით გაქვთ ნანახი. მე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გარწმუნებთ, იქ დატრიალებული საშინელების სრულად გადმოცემა ვიდეოფირების საშუალებით შეუძლებელია. ყველაფერი გადაღებული არც არის, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მე ვნახე, რა უქნეს რუსებმა თავის “ძმებს” - სლავებს, წარმოდგენაც არ მინდა, რას გაგვიკეთებენ ჩვენ.
როდესაც ფორმას იცმევ, მით უფრო, როდესაც ომში მიდიხარ, ყველაფერისთვის, მათ შორის - სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყო. ვიცოდი, რაზე მივდიოდი, როდესაც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა გადავწყვიტე. ჰელმანდის პროვინციაში ორმოცდაათამდე საპატრულო ოპერაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. იქ არა ერთი დაღუპული და დაჭრილი მინახავს.
თავს არ ვაკადრებ, რომ სამართალდამცავს შეურაცხყოფა მივაყენო, არც ისინი მერჩიან. მივდივარ რუსთაველზე, მშვიდად გამოვხატავ ჩემს პროტესტს და ასე ვიხდი მოქალაქეობრივ ვალს“ - ამბობს ზურაბი.
როგორც “პალიტრა ნიუსთან” განაცხადა ზურაბმა მას
მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - უფროსი 4 წლისაა, უმცროსი - 2-ის. მშობლებს და მეუღლეს არც უნდოდათ და ბოლომდე არც სჯეროდათ, რომ უკრაინის ომში წავიდოდა. ამაში მხოლოდ მაშინ, დარწმუნდნენ, როდესაც შინ ტაქსიმ მიაკითხა და აეროპორტში გაემგზავრა.