მსახიობ, რუსკა მაყაშვილს ambebi.ge დაუკავშირდა და სთხოცა ესაუბრა თუ რა გახდა, ტელეკომპანი “იმედიდან” მისი წამოსვლის მიზეზი, ეს იყო საზოგადოების ზეწოლა თუ პირადი არჩევანი.
- რუსკა, გასული წლის მიწურულს აქციების დაწყებისას, თქვენც იყავით იმ ცნობილ სახეებში, ვისაც მოუწოდებდნენ დაგეტოვებინათ "იმედი“. ამ ზეწოლამ გავლენა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- რა თქმა უნდა, არა. დავტოვე იმიტომ, რომ მე ასე მინდოდა და არა იმიტომ, რომ, ვიღაცას ასე უნდოდა. "იმედში“ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. რაც შეეხება "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ჩემს "სთორის", სწორედ ამ თემაზე ვწერ, რომ არავისი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციაზეა.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ, პროტესტის გამოხატვა ყველგან შეგიძლია, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა გაეცალო.
- იმ ადამიანებს ვინც დარჩნენ "იმედზე“, იმავე თქვენს მეგობრებს დღემდე მოუწოდებს საზოგადოება არხი დატოვონ. მათ ხშირად აბულინგებენ...
- ბულინგი ყოველთვის იყო, ამის არასოდეს შემშინებია და არც მაღელვებს, მაშინ უფრო ადრე წამოვიდოდი ტელევიზიიდან. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ყველგან შეგიძლია პროტესტი გამოხატო, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა წამოხვიდე. არსებობენ ადამიანები, ვისაც კონკრეტული მხარე უჭირავთ, ან არავის მხარდამჭერები არ არიან, დიახ, ასეთი ადამიანებიც მუშაობენ "იმედში“ და მე ასეთი ვიყავი.
ახლაც ასე ვარ, არცერთი მხარე არ მიჭირავს, ასეთია ჩემი პოზიცია. თუმცა როდესაც ხედავ ძალადობას, უკანონოდ იჭერენ შენს მეგობრებს, ამ დროს გიჩნდება პროტესტის გრძნობა, მაგრამ როდესაც ამისი გამოხატვის საშუალება არ გაქვს, არ უნდა დარჩე იქ, სადაც ხარ. თუ ეს გაღელვებს და ამას ხმამაღლა ვერ ამბობ, უნდა გაეცალო.
როგორც კი დაიწყეს ჩემი პოლიტიკური მიკუთვნება, ეს მხარეა, ის მხარეა, ავდექი და გამოვეცალე, ყოველთვის გავურბივარ იმას, რომ რომელიმე მხარე დავიჭირო. არც "ქოცი" ვარ და არც "ნაცი".
- რამდენიმე დღის წინ ნინი ბადურაშვილი ამბობდა, ჩვენთან ინტერვიუში, რომ არ შეიძლება ადამიანებს აძალებდე წამოვიდნენ სამსახურებიდან, რადგან მათ უკან ფინანსური ვალდებულებები დგას.
- რა თქმა უნდა, არავის აქვს ამის უფლება. თუმცა, ადამიანებმა მისცეს უკვე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ამაზე წერონ, დააძალონ სხვებს, წამოდი, არ წამოხვიდე... რა თქმა უნდა, ეს ჩემს მიმართაც იყო, მაგრამ როდესაც თავიდან არეულობა დაიწყო, ტელევიზიიდან არ წამოვსულვარ, რადგან ჩემს პროტესტს გამოვხატავდი. ტოტალური სიგიჟეა, რაც ახლა ხდება და მიმაჩნია, რომ ეს არ შეიძლება, რადგან რომ ყველას თავისი აზრი აქვს.
მე არ ვუვარდები არავის და არაფერს არ ვაძალებ. სწორი, ნათელი, გამთლიანებული საქართველო და ევროპული მომავალი მინდა, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. სადაც ბედნიერები და ტოლერანტულები ვიქნებით ერთმანეთის მიმართ. ახლა რაც ხდება, ტრაგიკულად უმძიმესი მდგომარეობაა. შევიშალეთ ყველა! გვშლიან ჩვენ და შემდეგ ერთმანეთს ვშლით.
"იმედში“ კონკრეტულად ჩემი გუნდი, ვისთანაც ვმუშაობდი, ძალიან კომფორტული იყო. შემეძლო იყო სხვანაირად, უფრო სწორი ფორმით წამოსვლა მხოლოდ მათ გამო. ვაკონკრეტებ, მხოლოდ მათ გამო. რისთვისაც ბოდიშს ვუხდი, პირადად ნანიკო ხაზარაძეს, რომელიც ძალიან მიყვარს. "იმედში“ დაბრუნება არცერთი წამით არ მომნდომებია და ასევე არავის გადაუხდია თანხა, რომ იქიდან წამოვსულიყავი.
დაბოლოს, ჩემი ღია და გულითადი სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაჭერილ პატიმარს!
წყარო: ambebi.ge