სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კარგად ვიცი, როგორ დაძვრება მეორე ნახევარი" - სოფო ბედიას გულწრფელი აღიარება

    "კარგად ვიცი, როგორ დაძვრება მეორე ნახევარი" - სოფო ბედიას გულწრფელი აღიარება
    2 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალმა "გზამ" მომღერალთან სოფო ბედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა.

    გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

    - "მისთვის უმთავრესია ოჯახი".

    - ნამდვილად ასეა. ბოლო რამდენიმე წელია, მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახთან დიდი დრო გავატარო. ზაფხულია, ბევრი კონცერტი ტარდება, მეც შემეძლო, დავკავებულიყავი, კონცერტები დამეგეგმა, ამის არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რადგან მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმი მაქვს, ზაფხული ჩემი ოჯახისთვის მიმეძღვნა. ახლა მარტვილში ვარ, სოფელში ჩემს შვილებთან, ოჯახთან ერთად და დროს ყველანი ბედნიერად ვატარებთ. ხანდახან გული კი მწყდება, ნეტავ, რაიმე დამეგეგმა-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივდივარ დასკვნამდე, რომ ოჯახი უმთავრესია. სექტემბრიდან ისეთი რეჟიმით მომიწევს მუშაობა, ვიცი, ჩემს შვილებთან ასეთი დოზით ვეღარ ვიქნები.

    - "მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".

    - საზოგადოებრივ აზრს კი არ ვებრძვი, ვწუხვარ, რომ ამ ბოლო დროს საზოგადოება ძალიან გაბოროტდა. ცდილობენ, კარგი არაფერი დაინახონ და ყურადღება ყოველთვის უარყოფითზე გაამახვილონ ან ძალიან შეგიცოდონ, თუმცა მერე იმ შეცოდებულსაც დიდხანს არ წყალობენ. ცინიზმმა იმატა, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არა აქვთ პირადი ცხოვრება, არარეალიზებულები, არასრულფასოვანნი არიან. ასეთები ყოველთვის სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ. დილა რომ თენდება, სოციალური ქსელის სქროლას იწყებენ. ადამიანი, რომელიც კარგად გამოიყურება, ოჯახთან ერთად ბედნიერია, წარმატებული, საქმიანი... ამას ვერ იტანენ. ადამიანებს კარგად ყოფნას, ბედნიერებას ვერ პატიობენ. ძალიან მინდა, დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს და სხვისი ცხოვრებით აღარავინ იცხოვროს.

    - ეს საზოგადოება წლების წინ ასეთი არ იყო?

    - როგორ არ იყო?! ახლა სოციალური ქსელების სახით გამოხატვის საშუალება მიეცათ. დროც შეიცვალა, ხალხი ძალიან “გაცივდა”. შრომა არ უყვართ. არ არსებობს - მშრომელი ადამიანი მიზანს თუ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს.

    - „მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია, აზრი შეაცვლევინო”.

    - ადამიანმა მარწუხებში არ უნდა მომაქციოს. კარგად მესმის, რა არის ჩემი ვალდებულება, არ შეგახსენებინებ, რადგან კარგად ვიცი, ამ ამბავში არ მეშლება არც ოჯახთან, არც - მეგობრებთან. დავალდებულება არ მიყვარს. რაც შეეხება აზრის შეცვლას, არგუმენტირებულ აზრს თუ მოვისმენ, როგორ არ შევიცვლი?! გააჩნია, ის ადამიანი რამდენად კომპეტენტურია, რამდენად მცოდნეა.

    - დღევანდელ საზოგადოებაში სნობიზმი რა დოზითაა?

    - ძალიან დიდი დოზითაა. მინახავს, როგორ ეტენება ერთი მეორეს და მინახავს, იგივე ადამიანი ზურგს უკან მასზე რას ლაპარაკობს. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ მერე ჩემზეც იმავეს იტყვის, პირში “ეთხლიშებიან” და ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობენ, ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია და რა ვქნა?! ასეთებისთვის პასუხის გაცემაც არ ღირს. ვიცი, რომ არ არის სანდო ადამიანი, ამიტომ ვერ მივიღებ. შეგხვდები, გეტყვი “სალამს”, “ნახვამდის” და - ღმერთმა კარგად გამყოფოს!

    - "ეჭვიანი არ არის"

    - არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები. ეჭვით ცხოვრება დიდი მარაზმია. სანაცნობოში, საახლობლოში ვიცი, როგორ „დაძვრება” მეორე ნახევარი; დასდევენ, ხელში ფაქტები უჭირავთ და არის ერთი ამბავი. რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი!..




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ