ლადო აფხაზავამ, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი და 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, "ამბები.ჯი"-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
მას საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მასწავლებლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და როცა დააჯარიმეს იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე საჭირო იყო.
"მოკლედ, ჩემს ჯარიმასაც გადავიხდი და სხვის ჯარიმასაც" - ამბობს ლადო აფხაზავა.
"ჩემთვის საოცარი დღეებია, პირველი განცდა, რაც თავიდან მქონდა, უმძიმესი იყო... გიყვარს შენი სამშობლო, მისთვის ყველაფერს აკეთებ და შენი ქვეყანა კი სასამართლოში გიბარებს, საბრალდებო სკამზე გსვამს, - ეს ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია.
ერთ-ერთ ჯგუფში დაწერილი მქონდა, თუ დამაჯარიმებენ, ჩემთვის ყველაზე მაგარი რაც იქნება, მასწავლებლებმა ლარ-ნახევარი ჩამირიცხონ-მეთქი. ასე იმიტომ დავწერე, რომ ახლა ხელფასი ყველას აღებული აქვს და იქვე დახარჯულიც, ამ ლარ-ნახევრით კი მივხდებოდი, რამდენი პედაგოგი ჩარიცხავდა ლარ-ნახევარს. ახლა მეთორმეტე კლასელებთან ვარ და დავითვალეთ - 5800 მასწავლებლებს ჩაურიცხავს. ერთხელ 1.50 ხომ ჩარიცხა და მეორედ - უკვე 10 ლარი, ვიღაცავ 20 და ასე... მოკლედ, ჩემს ჯარიმასაც გადავიხდი და სხვის ჯარიმასაც" - ამბობს ლადო აფხაზავა.
ლადოს მძიმე ბავშვობა აქვს გადატანილი, როგორც ის ყვება მშობლები 17 წლის ასაკში დაკარგა.
"დედა ბაღში მრეცხავად მუშაობდა, მამა ხის ხელოსანი იყო. დედა 47 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 4 შვილი დაგვტოვა, ჩემი დები მაგ დროს უკვე გათხოვილები იყვნენ. დედას და მამას ერთმანეთის დიდი სიყვარული ჰქონდათ და როდესაც დედა წავიდა, მამამ მის გარეშე ყოფნას ვეღარ გაუძლო - თავი მოიკლა, (ჩამოიხრჩო). მამა, რომელიც ჩემს იმედად იყო, საკუთარი ხელით ჩამოვხსენი...
მამაჩემი ასეთ მდგომარეობაში დილით, 11 საათზე ვნახე, ლოგინზე დავაწვინე და მერე შუადღის 3 საათზე როცა თვალი გავახილე, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი. თურმე წავქცეულვარ, გონები დამიკარგავს...".