თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, რის გამოც "ვირტუს ბოლონია" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ ჩქარობს. ამის შესახებ Basketeurope წერს:
“იტალიური კლუბი საბოლოო ინფორმაცია ელის, რა სახის ტრავმა აქვს ქართველ კალათბურთელს. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მხარი ნიდერლანდებთან მატჩში იტკინა და ამის გამო, ევრობასკეტის გამოტოვებაც კი უწევს. ბოლო ინფორმაციით, მას ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ნოემბრამდე ვერ ითამაშებს.
სწორედ ამიტომაა, რომ ბოლონიასა და თოკოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება იწელება. არადა, მხარეები ახალ 2-წლიან კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულნი არიან”.
საქართველოს ნაკრებს ნოემბერში 2 უმნიშვნელოვანესი თამაში ელის, 11 ნოემბერს ისლანდიასთან სტუმრად და 14 ნოემბერს იტალიასთან სახლში. თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გვსურს, ნოემბერში მინიმუმ ისლანდია მაინც უნდა დავამარცხოთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ NBA-დან მამუკელაშვილი და ბითაძე ვერ დაგვეხმარებიან, თოკოს დაბრუნება ჩვენს ნაკრებს ძალიან წაადგება.