სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი რა არის სიხარულის ცრემლებიო" - დათის დედა შესანიშნავ ინფორმაციებს გვატყობინებს

    " ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი რა არის სიხარულის ცრემლებიო" - დათის დედა შესანიშნავ ინფორმაციებს გვატყობინებს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    8 წლის დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა, რომელიც ისრაელის კლინიკაში იმყოფება, ყოველდღიურად უმჯობესდება. მოზარდს მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

    დედის, ქრისტინე მამუკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დათი ამჟამინდელ მდგომარეობას ვერ ეგუება, პროგრესი აქვს და ეტლზე ჯდომაც ისწავლა.

    მოზარდის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი საუბრობს და სასიხარულო ინფორმაციას გვატყობინებს.

    „როცა პირველად დაჯდა, ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი რა არის სიხარულის ცრემლებიო“.

    „ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, დათის ოპერაცია გაუკეთეს, კანი გადაუნერგეს, რითაც ღია ჭრილობები დაიხურა მუცელზე, დუნდულაზე, ასევე, მცირე ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ მძიმე პროცესი.

    რთული ოპერაცია გადავიტანეთ, ფეხიდან გადაუნერგეს საკმაოდ დიდი ზომის კანი ჭრილობის დასაფარავად და ახლა ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს – ნაოპერაციევიც სტკივა და ფეხიც, საიდანაც კანი აიღეს. ერთი კვირა მაინც სჭირდება, რომ ჭრილობები ცოტა მოშუშდეს და ტკივილებმა იკლოს.

    იმისთვის, რომ გაუსაძლის ტკივილებს გაუმკლავდეს, ეს რამდენიმე დღე ძალიან ძლიერ მედიკამენტებს აძლევენ და ძირითადად სძინავს. რთული დღეები გვაქვს, ბავშვისთვის რთულია ამ ეტაპის გავლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჭრილობა დაუხურეს და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს.

    ერთ კვირაში გავიგებთ, როგორ მიიღო ორგანიზმმა გადანერგილი კანი. ცოტა ხანი კიდევ შეხორცებას უნდა დაველოდოთ და ასე, ნელ-ნელა ფინალისკენ გავდივართ. ვერ ვიფიქრებდით, რომ აქ ამდენ ხანს მოგვიწევდა გაჩერება.

    გვეგონა, ჩამოვიდოდით, პროთეზს გაგვიკეთებდნენ და გაგვიშვებდნენ. მაგრამ მთელი ეს დრო ინფექციას ვებრძვით. ის რომ არა, ყველაფერი გაცილებით ადრე მოხდებოდა და ახლა უკვე სახლში ვიქნებოდით. თუმცა, კიდევ კარგად მოვერიეთ ინფექციას. თავის დროზე მითხრეს, ორი პროცენტია მისგან განკურნების შანსიო და მადლობა ღმერთს, ამ ორ პროცენტში მოვხვდით. ინფექცია ორგანიზმში ახლაც არის და წამლების მიღებას ვაგრძელებთ. ძალიან ტოქსიკური წამლებია, ბავშვს თმა გაუქერავა, ცვენაც დაეწყო, მაგრამ მკურნალობის კურსი ექვს თვეს მოიცავს და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა უკვე იყო იმ მდგომარეობაში, რომ დახურულიყო.

    კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე დაჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა, გვეგონა ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს, ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც, ყველანი, ბედნიერებისგან ვტიროდით.

    – როგორც ამბობთ, მეორე ფეხზე არ არის მარტივი მდგომარეობა, მაგრამ რაც მთავარია, საფრთხე ხომ არ ემუქრება?

    – შეძლებს თუ არა სიარულს? აქ გვეუბნებიან, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყავარჯნებით სიარულს შეძლებსო. ეტლზე არც გველაპარაკებოდნენ, ეს, უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვითმინეთ და გამოვუწერეთ. ყავარჯნებით სიარულს კი ნელ-ნელა უნდა შევეცადოთ, მაგრამ მგონია, რომ აქ ამას ვერ მოვახერხებთ. ალბათ, უფრო საქართველოში, ვარჯიშის შედეგად ფეხი ცოტა რომ გაძლიერდება და მის დადგმას შეძლებს, მერე იქნებ ყავარჯნებითაც გაიაროს“, – აცხადებს ქრისტინე მამუკაშვილი.