სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ლექტორი რომ გეტყვით, ეს წიგნი მინდაო, მაშინვე არ იყიდოთ“ – გამოცდილი სტუდენტების რჩევები პირველკურსელებს

    „ლექტორი რომ გეტყვით, ეს წიგნი მინდაო, მაშინვე არ იყიდოთ“ – გამოცდილი სტუდენტების რჩევები პირველკურსელებს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი და ისინი უმაღლესი სასწავლებლის კარს მალე პირველად შეაღებენ.

    რა უნდა იცოდეს პირველკურსელმა პირველი სასწავლო წლისა და დღის შესახებ, რა უნდა გაითვალისწინონ, როგორ იპოვონ აუდიტორია და ა.შ., მათ რჩევებს EDU.ARIS.GE-ს საშუალებით უკვე გამოცდილი სტუდენტები გაუზიარებენ.

    ია ალიხანაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხური წელს დაამთავრა. ახსოვს ის დაბნეულობა, რაც პირველ კურსზე გადახდა თავს. ამიტომაც, პუნქტებად ჩამოწერა, როგორ დაეხმაროს სხვა პირველკურსელებს. იამ ჩვენთან უნივერსიტეტში სწავლის პირველი დღეებიც გაიხსენა:

    „პირველკურსელები ცოტა დაბნეულები არიან და მეც ასე ვიყავი. ბევრი სასაცილო თავგადასავალი გადამხდა თავს. უფროსი კურსების სტუდენტები პირველკურსელებს პინგვინებს ეძახიან და მართლაც ასეა. მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მისამართი ცნობარში მითითებული იყო ჭავჭავაძის N1, ანუ პირველი კორპუსი, რომელიც ვაკეში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, როცა მეკითხებოდნენ, სად უნდა მევლო, ყველას ვეუბნებოდი ამ მისამართს. საკმაოდ გვიან გავარკვიე, რომ საბურთალოზე, მაღლივ კორპუსში უნდა მესწავლა. პირველ დღეს დედასთან ერთად წავედი. მუნიციპალური ტრანსპორტით მივედით და მახსოვს, როცა იქაურობას თვალი მოვავლე, ისეთი უკაცრიელი მეგონა, ვიფიქრე, უდაბნოში მოვხვდი თუ სად ვარ-თქო. პირველივე დღეს გავიცანი ერთი გოგონა და მერე ერთად ვარკვევდით, რაც გვაინტერესებდა, თუმცა პირველ კვირას კიდევ ერთი კურიოზი გადამხდა თავს.

    „მაღლივი კორპუსი, მგონი, 13 სართულიანია. ლიფტიც არის და კიბით სარგებლობაც შეგიძლია. მახსოვს, ლიფტის მეშინოდა და კიბით ავედი მეათე სართულზე. მანამდე ცხრილში ვნახე აუდიტორიის ნომერი 1025. ავედი მეათეზე და ისეთი დაბნეული ვიყავი, სხვა ნომერი წავიკითხე 1025-ად. შევედი, დავჯექი. აუდიტორიაში ლექტორი და რამდენიმე სტუდენტი იჯდა. ჩემს საგანს ერქვა ფილოსოფიის შესავალი და ლექტორმა საუბარი დაიწყო დაზღვევის პრინციპებზე. დავიბენი, შემეშინდა – ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ფილოსოფია და დაზღვევა რა შუაში იყო ერთმანეთთან. გვიან გავიაზრე, რომ შემეშალა აუდიტორია, რაც ხშირად ხდება პირველ კურსზე. მოვუბოდიშე ლექტორს, გამოვედი, მეათე სართულიდან ფეხით ჩავედი მესამემდე და მერე ისევ მეათეზე ავედი“.

    ამ ისტორიების გათვალისწინებით, იამ ჩამოწერა ის რჩევები, რომლებსაც პირველკურსელებს, ე.წ. პინგვინებს გაუზიარებს. იას რჩევები ასეთია:

    „ყველას ვურჩევ, პირველივე დღეს დაუმეგობრდეს ვინმეს, რომ მარტო ყოფნამ არ მოუწიოს და ამის გამო თავი ცუდად არ იგრძნოს. აბიტურიენტები ყველაზე ხშირად მეკითხებიან, სჭირდებათ თუ არა პირველივე დღეს რვეულები, კალმები და ა. შ. ჩემი პასუხი არის ის, რომ პირველივე დღეს წაიღონ ერთი კალამი და ერთი რვეული. ლეპტოპიც მოსახერხებელია – გააჩნია, ვის როგორ ურჩევნია. პირველივე დღეს უნივერსიტეტში მასალის ახსნა და გამოკითხვა არ ხდება. პირველი დღე და მთლიანი კვირაც კი, არის მოსამზადებელი პერიოდივით, სადაც სტუდენტებს ლექტორები ულოცავენ უნივერსიტეტში ჩაბარებას, აცნობენ, რა სქემით მოუწევთ სწავლა, რა მასალას, როგორ ჩაიბარებს ლექტორი და ა. შ. ძირითადად მეორე კვირიდან ნელ-ნელა იწყება სწავლის პროცესი.

    „პირველკურსელებს ვეტყვი, როგორ ხდება საგნების არჩევა თსუ-ში. საიტზე იდება ფაკულტეტების მიხედვით ცხრილი და ამ ცხრილში არის დალაგებული, თითოეული სემესტრში რა საგნებიც ისწავლება და ასევე მითითებულია ლექტორები, ლექციის დღე და დრო. ამ ცხრილის დადების შემდეგ სტუდენტები ადგენენ სასურველ ცხრილს, სასურველ საგანს და ლექტორს…

    „პირველკურსელს არ უნდა მოერიდოს კითხვების დასმა. ეს იქნება თვითონ უნივერსიტეტში თუ უნივერსიტეტის გარეთ, მაგალითად, სოციალურ ქსელში. გამოცდილი სტუდენტები დაუზარებლად გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. მაგალითად, პირველ კურსზე ერთმა ლექტორმა გვითხრა, რომ დაგვჭირდებოდა წიგნის ყიდვა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიყავით გარკვეული ამ საკითხებში, ეს წიგნი ვიყიდე და 30 ლარზე მეტი გადავიხადე. ჩემი რჩევა იქნება, ლექტორი რომ გეტყვით, ეს წიგნი მინდაო, მაშინვე არ იყიდოთ. ასეთი წიგნები, როგორც წესი, ძვირი ღირს და ჩემი რჩევა იქნება, გაიკითხონ მათივე უნივერსიტეტის ფაკულტეტის სოციალური ქსელის ჯგუფებში, აუცილებლად ექნება ვინმეს და მისცემს. ასევე, სტუდენტობის ყველაზე გავრცელებული კომპონენტია ქსეროასლების გაჩუქება. ეს ქსეროქსები წრეზე ტრიალებს – მე ვაჩუქე ვიღაცას, ის გააჩუქებს სხვაზე და ა. შ. ასე რომ, ვურჩევ, ამ მეთოდს მიმართონ ან ქსეროასლი გადაიღონ, რაც ბერვად უფრო ნაკლები დაუჯდებათ, ვიდრე ლექტორის მიერ გამოცემული წიგნების ყიდვა“.

    კიდევ ერთი სტუდენტი, ბექა გელაშვილი-ჩორგოლიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის პროგრამას სწავლობს, მეორე კურსზეა. გასულ წელს ძირითადად ონლაინ რეჟიმით ისწავლა, თუმცა მთლიანად შესწავლილი აქვს, როგორ არ უნდა დაიბნეს სტუდენტი უნივერსიტეტში და რჩევებსაც თამამად იძლევა.

    „ვინაიდან სწავლა ონლაინ ფორმატში დავიწყე, სამწუხაროდ, პირველ დღეს ჩვეული ხიბლი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო აღმოჩნდა განსხვავებულ სივრცეში ყოფნა, თუნდაც Zoom-ის მეშვეობით. აბიტურიენტობის პერიოდში კარგად შევისწავლე საუნივერსიტეტო სწავლების სისტემა. ამისათვის ვიყენებდი უმაღლესი სასწავლებლების ვებ-გვერდებს და ვესაუბრებოდი მაღალკურსელ სტუდენტებს. შესაბამისად, უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს უკვე ვიცოდი, რას ნიშნავდა კრედიტი, როგორ უნდა ამერჩია საგნები, მეპოვა აუდიტორია და ა. შ. წოდება, „პინგვინები“, დიდად არ მომწონს, თუმცა უკვე იმდენადაა დამკვიდრებული, რომ სტუდენტურ ტრადიციად იქცა და ალბათ, თავისი ხიბლიც აქვს. დაბნეულობა სრულიად ლოგიკურია სწავლების დასაწყისში. ასეთ დროს პირველკურსელებს არ უნდა მოერიდოთ სანდო ადამიანისგან რჩევის თხოვნა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბნეულობა მხოლოდ პირველკურსელებს არ ახასიათებთ“, – ამბობს ბექა და პირველკურსელებს ასეთ რჩევებს აძლევს:

    „როგორ იპოვოს პირველკურსელმა აუდიტორია მარტივად? აუდიტორიის პოვნაში დაეხმარებათ იმის ცოდნა, რომ მისი ნომრის პირველი ციფრი სართულის აღმნიშვნელია. მაგალითად, 210-ე აუდიტორია მე-2 სართულზე მდებარეობს, 303-ე მე-3 სართულზე და ა. შ.

    „ბევრს აინტერესებს, რა განსხვავებაა ლექციასა და სემინარს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ლექციაზე ლექტორი ახსნის ახალ მასალას, ხოლო სემინარზე სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ახსნილი.

    „ლექციების გაცდენა შეგიძლიათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ლექტორი დასწრებაში ქულას წერს. ამიტომ, სასურველია, დაესწროთ ლექციას, რომ უკეთ გაიგოთ სასწავლო მასალა. ასევე, არ ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ უნივერსიტეტში ვინმე რამეს აიძულებთ ან მშობელთან დარეკვით დაემუქრებიან. მათზეა დამოკიდებული, რას დაესწრებიან, რას ისწავლიან, რას ჩააბარებენ. ამავდროულად, მატი აქტივობა ქულებზეც აისახება. ასე რომ, თუ უნდათ, სწავლისას წარმატებას მიაღწიონ, თავიდანვე პასუხისმგებლობით წარმართონ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება.

    „პირველკურსელი სტუდენტები სვამენ კითხვას – დამჭირდება წიგნები? როგორც წესი, სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ ფორმატში – pdf, slideshow და ა. შ. ცხადია, სურვილისამებრ დაბეჭდილი წიგნის შეძენა ან ბიბლიოთეკაში მოძიებაც შესაძლებელია. როგორც წესი, ლექტორებს სასწავლო მასალის ფორმატთან დაკავშირებით არ აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნა. თავად სტუდენტის გადასაწყვეტია, ბეჭდურ წიგნებს გამოიყენებს თუ ციფრულს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ნაშრომი, რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ, მხოლოდ დაბეჭდილი სახითაა ხელმისაწვდომი. ასე რომ, სასურველია, პირველკურსელები მალევე გაეცნონ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს.

    „რაც შეეხება შეფასების სისტემას, თითოეული საგნის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა. მათ სემესტრის განმავლობაში აგროვებენ სემინარებზე აქტიურობით და შუალედური თუ ფინალური გამოცდების წერით. პირველკურსელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული პროგრამა მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. გარდა ამისა, მათ საშუალება ეძლევათ, სურვილისამებრ აირჩიონ სხვა სასწავლო პროგრამების რამდენიმე საგანი. არჩევით საგნებთან დაკავშირებით სტუდენტებმა ორი ფაქტორი უნდა მიიღონ მხედველობაში: თავიანთი ინტერესები და პროფესიული მიზნები.

    „ჩაცმას რაც შეეხება, როგორც წესი, დრესკოდი მკაცრად არაა განსაზღვრული. ალბათ, პირველ დღეს რაიმე განსაკუთრებულის ჩაცმა გირჩევნიათ. თუმცა, თავადაც მალე მიხვდებით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კომფორტული ტანსაცმელი უფრო მოსახერხებელი იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ზედმეტად კომფორტულად ჩაცმა სტუდენტის პროდუქტიულობაზე ცუდად იმოქმედებს“