სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზვიად კორძაძე: "სხვანაირი აქცია იყო, მინდოდა ყველა გამეცნო, ყველას უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის"

    ზვიად კორძაძე: "სხვანაირი აქცია იყო, მინდოდა ყველა გამეცნო, ყველას უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის"
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “საბოლოოდ მოვიშორე ერთი ყველაზე აკვიატებული – ამ ქვეყნის თავისუფლების დაკარგვის შიში!" - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

    “ღამის ორი საათია. ეზოში ვზივარ სიწყნარეა. მესის – ჩემი შვილივით ნაზარდი გერმანული ნაგაზის ხვრინვა ისმის ხანდახან.

    რაღაცნაირად ვარ დღევანდელი აქციის შემდეგ. სახელს ვერ ვარქმევ.

    ადამიანი სტადიონზე, მიტინგზე, საკონცერტო დარბაზში, რაღაც მომენტში, მასის ნაწილი ხდება. მაგალითად, როცა შენ გუნდს გოლი გააქვს და ყველას უხარია, გვერდით მჯდომ უცნობს შეიძლება გადაეხვიო. მაგრამ ეს ერთობა წამიერია. არ გიჩნდება სურვილი აუცილებლად გაიცნო და სადმე დაპატიჟო. მიტინგზეც შეიძლება გამომსვლელის მგზნებარე სიტყვამ ,,ჯოს, ჯოს” გაძახებინოს სხვასთან ერთად, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად საერთო ღირებულებები გაქვთ.

    კარგ კონცერტზე ან სპექტაკლზე შეიძლება მთელ დარბაზთან ერთად ტაშს უკრავდე აღფრთოვანებული, მაგრამ ეს მაქსიმუმ გემოვნების თანხვედრაა და მეტი არაფერი.

    სხვანაირი აქცია იყო დღეს. მინდოდა ყველა გამეცნო, მადლობა მეთქვა, მერე მივხვდი, რომ არ იყო საჭირო, ყველას უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის.

    მთელი ცხოვრებაა პასუხგაუცემელი კითხვები და აქედან დაბადებული შიში დამდევს :

    როგორ ვერ მოვახერხეთ 1921 წელს თავისუფლების დაცვა? რატომ არ შეაკვდა ყველა მტერს? როგორ გააგრძელეს ცხოვრება?

    და შიში, ისევ ისე მოვიქცევით კრიტიკულ მომენტში?აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს
    2008 -ში შინდისის გმირებმა მომცეს უდიდესი იმედი, რომ ასე არასდროს მოხდება. ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, აფხაზეთის ციხეში გამოკეტილი ირაკლი ბებუა, უკრაინაში დაღუპული ქართველი ვაჟკაცები … ამ იმედს ასულდგმულებდნენ და აცოცხლებდნენ.

    უნდა გამოვტყდე ძალიან ჩაქრა და ჩაიბჟუტა იმედი ბოლო თვეებია. ხშირად მახსენდებოდა 1921 წლის თებერვალი და ჩემი პასუხგაუცემელი კითხვები.

    დღეს რუსთაველზე ქაშვეთის წინ მდგარი, როცა ვერც წინ და ვერც უკან თვალს ვერ ვაწვდენდი ქვეყნის მომავლის დასაცავად მოსულ ადამიანებს, მივხვდი, რომ არასდროს, არასდროს ამ ქვეყანაში 1921 წელი აღარ განმეორდება.

    ვზივარ ეზოში. მესის გაეღვიძა. ხვდება, რომ რაღაც მიხარია და თვითონაც კუდს აქიცინებს და თვალებს ეშმაკურად მიჭუტავს.
    მგონი დღეს საბოლოოდ მოვიშორე ერთი ყველაზე აკვიატებული – ამ ქვეყნის თავისუფლების დაკარგვის შიში! ”
    – წერს ადვოკატი.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები