"საბავშვო ევროვიზია 2022" გამარჯვებული 203 ქულით საფრანგეთი გახდა.
მაყურებლისა და ჟიურის ქულათა ჯამის მეორე ადგილზე სომხეთი გავიდა, რომელმაც 180 ქულა დააგროვა.
მესამე ადგილი კი საქართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ბიგვავამ დაიკავა. მან 161 ქულა მიიღო.
საბავშვო ევროვიზია წელს სომხეთში ჩატარდა და მასში 16 ქვეყანა იყო ჩართული.
ქულების გასაჯაროების შემდეგ სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ზოგიერთი მარიამს ულოცავდა წარმატებას, ზოგი კი ჩიოდა, რადგან პროექტის შესახებ არაფერი იცოდა.
ზოგისთვის მარიამი საუკეთესო მონაწილეა, თავისი ხმითა და მუსიკალური შესაძლებლობებით. ზოგი კი ერს სიზარმაცეში ადანაშაულებს, ვითომდა, ხალხს ხმის მიცემა დაეზარა.
"ეს რისი ბრალია, იცით? ყველგან უნდა ეტრიალა ამ ბავშვის ვიდეოს, მარტო პირველი არხის საქმე არაა".
"რადგან "პირველი" არხი აშუქებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ეროვნული ამბავი სხვა ტელევიზიებს ან სოციალურ ქსელებს არ ეხება"
"10 თავით ვჯობდით ყველას და საწყენია, მაგრამ მაინც ვულოცავ მარიამს მესამე ადგილს. ობიექტურად იმსახურებდა გამარჯვებას" - წერენ სოციალურ ქსელში.