სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მკვლელობა მოხდა... დეტალები უცნობია... 34 წლის კაცი ტბაში ჩააგდეს

    მკვლელობა მოხდა... დეტალები უცნობია... 34 წლის კაცი ტბაში ჩააგდეს
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოდპოლკოვნიკისთვის არაფერი უკითხავს. თუმცა პროფესორს ფერი ჰქონდა დაკარგული და წარბი უთამაშებდა. გუმბარიძე „კაგებეს“ შენობაში ისე მიიყვანეს, კრინტიც არ დაუძრავს. ხოლო როდესაც 60 წლის მეცნიერი ქურციკიძის კაბინეტში სკამზე დასვეს, პოდპოლკოვნიკმა მას უთხრა:

    – სანამ მოსკოვში იმყოფებოდით, დავადგინეთ, რომ გურულს თქვენი კუთვნილი გირები ჰქონდა ფეხებზე გამობმული. თქვენს ბინაში თაგვის წამალსაც მივაგენით, რომელიც გურულს სასმელში შეურიეთ და მოწამლეთ. კუს ტბაზე კი თქვენი „ვოლგის“ პროტექტორების კვალიც აღმოვაჩინეთ. გისმენთ, პროფესორო, უამბეთ, რატომ მოკალით თქვენი კოლეგა.

    გუმბარიძემ ამოიხვნეშა და თქვა:

    – მე უკვე სამი წელია, „ცეერუზე“ ვმუშაობ. თავად დავუკავშირდი მათ და ჩვენი თვითმფრინავების უახლესი ნიმუშების მონაცემებს ვაწვდიდი. მიზეზი კი შურისძიებაა. ომის შემდეგ მე ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროში ვმუშაობდი. შემოწმების მიზნით „ენკავედეში“ დამიბარეს და იცით, რატომ მცემეს ისე, რომ სისხლს ვშარდავდი?

    იმიტომ რომ კრეტინმა გამომძიებელმა შარი მომდო, ელბაზე რომ ამერიკელებს შეხვდი, გამორიცხული არაა, მათ შეეკარი და გამოტყდიო. სამი დღე ჯოჯოხეთში ვიმყოფებოდი და თავად ტუპოლევს რომ არ გამოვეყვანე, სული გამძვრებოდა. მას მერე შურისძიების სურვილით ვიყავი შეპყრობილი. ამ სამი წლის წინ კი ამერიკის საელჩოს მანქანაში, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე იდგა, წერილი ჩავაგდე და სწრაფად წავედი.

    წერილში ჩემი მონაცემები იყო მითითებული, ამასთან, სურვილს გამოვთქვამდი, რომ მათთან თანამშრომლობა მინდოდა. „ცეერუ“ თავად დამიკავშირდა და მათზე დავიწყე მუშაობა. 1 ივლისს ჩემს კაბინეტში საიდუმლო საბუთებს ფოტოს ვუღებდი. წესით, მარტო უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პეტრე დაბრუნდა, რადგან უჯრაში დისშვილისთვის ნაყიდი ფრანგული სუნამო დარჩა. ჩემს ოთახში სინათლე დაინახა, შემოვიდა და ასეთი საქმიანობის დროს წამასწრო, გაოცებული მიყურებდა და თვალებს არ უჯერებდა.

    მე კი მას ვუთხარი, რომ დამლოდებოდა და ყველაფერს ავუხსნიდი. შემდგომ ჩემი „ვოლგით“ ჩემს სახლში, ვაკეში წავიყვანე, იქ ის „მიშიაკით“ მოვწამლე, რომელიც კონიაკში ჩავუყარე და დანარჩენი უკვე ისედაც იცით.

    კონტრდაზვერვამ გუმბარიძეს ამერიკის ცრუ მონაცემები გადააცემინა და ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში ატყუებდა „ცეერუს“. 1980 წლის 20 აპრილს კი პროფესორმა თავის კაბინეტში თავი ჩამოიხრჩო.