მოდელმა მარიამ მანაგაძემ ცოტა ხნის წინ დუბაიში ახალი ცხოვრება დაიწყო. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფიციალურად გახდა დუბაის მაცხოვრებელი და იდეალური სამსახურიც დაიწყო.
ამბობს, რომ კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 15 დღით შეუძლია ჩამოსვლა და აქვს საკმაოდ რთული გრაფიკი.
“დილის 7-ზე გასული სახლში საღამოს 7-ზე ვბრუნდები და დღის განმავლობაში, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებ. სახლში მარტო ვარ და კონტაქტი არავისთან მაქვს. გარეთაც მარტო არ მიშვებენ, რადგან მათ აიღეს ჩემზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ზრუნავენ კიდეც, რაც ძალიან მომწონს – დღეს მოლში ვიყავით და ხელის დასაბანადაც კი არ გამიშვეს მარტო, თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულიცაა” – ამბობს გოგონა “თბილისელებთან” საუბარში.
მარიამს განსაკუთრებით გაუჭირდა ცეკვის მიტოვება, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში არსებულმა ნეგატივმა სხვა გზა არ დაუტოვა.
“ბოლოს მხოლოდ ცეკვა მქონდა დარჩენილი და მართლა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა „სუხიშვილების“ გოგონებთან გამომშვიდობება. თუმცა სხვა ყველაფრისთვის უკვე თავი მქონდა დანებებული და გულწრფელად ვიტყვი, მინდოდა იმ ნეგატივს მოვშორებოდი, საქართველოში ასე დიდი დოზით რომ არის. ეს შემოთავაზებაც ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავდექი და ახალი ცხოვრებისკენ გადავდგი ნაბიჯი. ეს პირადი ურთიერთობის ფონზე გავაკეთე. პირად ურთიერთობებში ითვალისწინებ სხვის აზრსაც და გიწევს დათმობაზე წასვლა. ამ მიზეზით იყო, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ცეკვით ვიყავი დაკავებული და სხვა საქმეებს შევეშვი.
- მე არასდროს მჯეროდა სიყვარულის, ყოველთვის კარიერაზე ვიყავი ორიენტირებული, თურმე ძალიან ძლიერი და იშვიათი სიყვარული შემძლებია. ამას მივხვდი, მაგრამ იმასაც მივხვდი, არ უნდა იყო ძალიან მიმნდობი და გულწრფელი, რომ მერე იმედი არ გაგიცრუვდეს და უსამართლობას არ შეეჯახო. მანამდე ვამბობდი კიდეც, ვინც ჩემ გვერდით იქნება, ალბათ, ბედნიერებისგან გული გაუსკდება- მეთქი და მე მართლა ყველაფერი გავაკეთე. მივეცი ბედნიერება, სიყვარული, კომფორტი, ერთგულება. ძალიან ბევრი დავთმე, მათ შორის ჩემი კარიერა, რომლისთვისაც 14 წლიდან თავდაუზოგავად ვიშრომე, მაგრამ საპასუხოდ, ნახევარიც ვერ მივიღე. ამიტომ მიხარია, რომ ახლა აქ ვარ, მარტო ვარ და ახალ ნაბიჯებს ვდგამ ჩემი კარიერის გზაზე. რთულია, სამსახურიდან მოსული სახლში მარტო რომ ხარ, საკუთარ თავთან ჭიდილი მიწევს და სულ ვიმეორებ: მარიამ, ძალიან ძლიერი ხარ და შენი კეთილდღეობისთვის ასე ჯობია - ამბობს მანაგაძე.
"აქ ზოგს იმხელა ძალაუფლება აქვს, მათ წინაშე პოლიციაც უძლურია. თუმცა სინამდვილეში ვხედავ, რომ ძალიან მშვიდი გარემოა, რასაც ალბათ, ჩემი კომპანიაც უზრუნველყოფს. წინა ჩამოსვლაზე, ერთ შეხვედრაზე ძალიან ცნობილი კომპანიის დამფუძნებელმა არაბმა შეიხმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ და ჩემმა კომპანიამ მასთან კონტაქტი გაწყვიტა. ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილები არიან, ყველაფერს მაღალი პროფესიონალიზმით უდგებიან. მარიამი ჩვენი კომპანიის ხელშეუხებელი მოდელიაო, ამბობს ხოლმე მფლობელი, თუ რომელიმე შეხვედრაზე ვინმემ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა” – ჰყვება გოგონა.