სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ერთი თვეა დაკეტილია... უცხოელებს აქვთ ნაქირავები..." - რა გახდა ბათუმის სასტუმროში ხანძრის გაჩენის მიზეზი

    "ერთი თვეა დაკეტილია... უცხოელებს აქვთ ნაქირავები..." - რა გახდა ბათუმის სასტუმროში ხანძრის გაჩენის მიზეზი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე რჩებიან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსიდან ევაკუირებული 250-მდე ოჯახი კი ჯერჯერობით საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებს.

    რესტორან "ვოქსში" ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად სამშენებლო სამუშაოები სახელდება.

    „რაც მოახერხეს მეხანძრე-მაშველებმა, ეს იყო თავიანთი სიცოცხლის ფასად. დამწვარი ფრაგმენტები, რომლებიც ზედა სართულიდან მოფრინავდა, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ახალი ლოკაციის ხანძარი არ გაჩენილიყო და ეს ფრაგმენტები ეგრევე ჩამქრალიყო. იყო შემთხვევა, როცა აივანზე ჩამოვარდა და იქამდეც შეძლეს მიეღწიათ.

    ჩვენი კორპუსიდან ევაკუაცია არ მომხდარა, თუმცა იყო პანიკა და ხალხი თავისით გარბოდა, ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე.

    როგორც ამბობენ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მე ამაში არ ვარ კომპეტენტური. ვიცი, რომ "ვოქსი" დაკეტილი იყო და ამჟამად არ ფუნქციონირებდა, როგორც რესტორანი," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

    გარდა ამისა, როგორც რესტორნის მეპატრონე აცხადებს, მას ფართი უცხოელებზე, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებზე ჰქონდა გაქირავებული, რომლებიც რესტორანში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ.

    "ერთი თვეა დაკეტილია რესტორანი, უბრალოდ, რემონტს აკეთებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ, უცხოელები არიან. დეტალური ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვიცი. გამოძიება მიდის და დაადგენს. სამაშველო მისულა. არავინ დაშავებულა, მხოლოდ რესტორანი დაიწვა," - განაცხადა რესტორნის მეპატრონემ ხვიჩა შარაშიძემ.