20 იანვარი, საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი ნომერი 9, ღამის 12 საათი და 20 წუთი - ეს არის დრო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გასროლის პირველი ხმა გაისმა, შემდეგ იყო რამდენიმე წუთიანი პაუზა, მალევე კი კიდევ ერთი გასროლის ხმა. ამას მოჰყვა ქალების შემაძრწუნებელი კივილი. მეზობლებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ რომ გაეაზრებინათ - თუ რა ხდებოდა მათ უბანში. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეზობელმა, რომელსაც ყველა იცნობდა, ხელში ავტომატი აიღო და ეზოში მყოფი ადამიანების მისამართით სროლა დაიწყო. დაჭრილებთან მიახლოებას და დახმარებას ვერავინ ახერხებდა. თავდამსხმელი ესროდა ყველას, ვისაც კორპუსის მესამე სართულის აივნიდან დაინახავდა.
თვითმკვლელი თავდამსხმელის ნოდარ ათუაშვილის ნასროლ ტყვიებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემდეგ კი თავი მოიკლა.
საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან 3 დღე გავიდა. მოკლული ახალგაზრდების ახლობლები სამძიმარს იღებენ. ტრაგედიას მთელი საქართველო იზიარებს. ეზოში, სადაც თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მოსახლეობას ყვავილები და სანთლები მიაქვს. კლინიკაში რჩებიან დაჭრილები. კვლავ მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.
ახლა მთავარი კითხვაა - რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს? - ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსია სუფრაზე დაწყებულ სავარაუდო კონფლიქტს უკავშირდება. არსებობს ოქროს მოწმე - თავდამსხმელის შვილი, რომელმაც პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. რას ჰყვება 20 წლის ბიჭი მხოლოდ სამართალდამცავ უწყებაში იციან. ცნობილია ის, რომ თავდამსხმელის შვილი, სროლის დაწყებამდე მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.