სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მანანა თოდაძის ემოციური ინტერვიუ - "მეზობლის ბავშვმა მითხრა, აყვანილი ხარო... ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა"

    მანანა თოდაძის ემოციური ინტერვიუ - "მეზობლის ბავშვმა მითხრა, აყვანილი ხარო... ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა"
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ქართველი მომღერალი მანანა თოდაძე. რით ხარ ცნობილი? - სიმღერით ვარ ცნობილი. ბავშვობის ოცნება რა იყო? - ჯერჯერობით არ ამიხდა, თუმცა იმედი მაქვს რომ ამისრულდება, ჩემი ოცნებაა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის გავხსნა სკოლა და შემდეგ თეატრი. ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ? - ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო - ჩემი ყოველდღიურობა ამ სიტყვის ირგვლივ ტრიალებს. მუდმივად ვცდილობ კეთილგანწყობა გამოვხატო ადამიანების მიმართ. ფრაზა/კითხვა, რომელიც გაღიზიანებთ? - აღარ უნდა დაბერდე? - ეს არის საშინელი ფრაზა... ადამიანი მოდის გამოპრანჭული, მოვლილი, მოსწონს თავისი თავი და შენ ეუბნები - რა იყო აღარ უნდა დაბერდე? ეს ძალიან შეურაცხმყოფელია.


    რა არის სიყვარული? - სიყვარული ძალიან ფართო ცნებაა, ეს არ მოიცავს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის გრძნობას. სიყვარულია, როდესაც ყველა და ყველაფერი გიყვარს შენს გარშემო, როგორც სისხლით ნათესავები ასევე მეგობრები და თუნდაც უცნობები... გიყვარს ყველაფერი, რაც შენს ირგვლივაა, ბუნება, მზის ამოსვლა/ჩასვლა და აბსოლუტურად ყველაფერი ის, რაც შენს გარშემოა - მე ამას ვეძახი სიყვარულს. მეგობრობა რა არის? - ყველაზე ძვირფასი, მთავარი და მნიშვნელოვანი რამ არის მეგობრობა. მეგობრების არჩევა, ნათესავისგან განსხვავებით, შეგიძლია, ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვალდებულიც ხარ მეგობარი საუკეთესო მხრით წარმოაჩინო და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე მას. თავისუფლება რა არის? - ჩემი აზრით, ეს ნიშნავს ადამიანის დამოუკიდებლობას ყველა პრობლემის მიმართ. ზოგს სხვანაირად წარმოუდგენია თავისუფლება, ზღვარსგადასულობა თავისუფლება ჰგონია, ასე არ არის, თავისუფლებას აქვს თავისი ჩარჩო...


    თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი? - ძალიან მზრუნველი ვარ, არა მხოლოდ ჩემი ახლობლების მიმართ, არამედ სრულიად უცხო ადამიანებზეც შემიძლია ზრუნვა. სენტიმენტალური თუ ხართ? - გააჩნია სიტუაციას - ზოგჯერ კი და ზოგჯერ არა. იუმორის გარეშე ცხოვრება როგორი წარმოგიდგენიათ? - იუმორი უხანგრძლივებს ადამიანს ცხოვრებას. რისთვის ღირს ცხოვრება? - ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია, მნიშვნელოვანია ადამიანმა გაიგოს რა არის მისი მისია. მე მაგალითად კარგად ვიცი რა არის ჩემი მისია - უფალმა მე მომცა უფლება წარვდგე მაყურებლის წინაშე და ჩემი სიმღერით მომენტალურად დავავიწყო თავისი პრობლემები... ალბათ ჩემთვის ამისთვის ღირს ცხოვრება.. თვისება რომელიც ადამიანში აღგაფრთოვანებთ? - კეთილი ადამიანები მიყვარს განსაკუთრებით. შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეგცვალათ? - ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა უნდა მომხდარიყო, მე ყველა ფაქტმა გამაძლიერა და კიდევ უფრო უკეთესად დამაფასებინა ადამიანები, თუმცა გამოვყოფდი ერთ ფაქტს ბავშვობიდან, როდესაც მეზობლის ბავშვმა კამათის დროს მითხრა - შენ აყვანილი ხარო, მაშინ პირველ კლასში ვიყავი და ძალიან შემცვალა ამ ამბავმა, თითქოს ბავშვობა წამართვა მომხდარმა, მომენტალურად გავიზარდე და ცხოვრებას უფრო სხვა თვალით დავუწყე ყურება. თქვენ შესახებ ჭორი თუ გაგიგიათ? - ძალიან ბევრი გამიგია, ადრე მუდმივად ვნერვიულობდი, ერთ-ერთი ჭორის გაგების დროს კულისებში ვტიროდი, ამ დროს შემოვიდა ბუთხუზი ბასილაია და მითხრა - რა გატირებს გოგო? ასეთი და ასეთი ჭორი გავიგე ჩემზე-მეთქი, მოვუყევი ჭორის შესახებ და გაეცინა, მითხრა, მაშინ უნდა იტირო მანანიკო, როცა შენზე არ იჭორავებენო. ამის შემდეგ ჭორებზე მეცინება. ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით? - ყველაფრისთვის მადლობას გადავუხდიდი. ერთი სურვილი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით? - ჩემს ქვეყანაში მინდა რომ იყოს სიმშვიდე და არ შიმშილობდეს არცერთი ბავშვი. ვისურვებდი ქუჩაში არ იდგნენ მოხუცებულები... წინა რესპონდენტმა იუმორისტმა აკაკი დარბაიძემ ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: როდის გევიმართებით? - გამიჭირდება პასუხის გაცემა. თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს?... - ხართ თუ არა ობიექტური ცხოვრებაში?