სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაიცანით რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა “შეაქმნევინა” - "მითხრეს, გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო..."

    გაიცანით რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა “შეაქმნევინა” - "მითხრეს, გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო..."
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თენგიზ აბულაძე 99 წლის გახდებოდა… დაუვიწყარი ფილმების რეჟისორს ინტერვიუების მიცემა არ ჰყვარებია, ტელე გადაღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ამიტომ ნაკლებად თუ შემორჩა მაესტროს ინტერვიუ, რაიმე პორტრეტული ფრაგმენტი… ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მისმა რძალმა, კინო რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ თენგიზ აბულაძეზე წიგნის გაკეთება გადაწყვიტა, ეს იყო. და წიგნი, რომელსაც „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“ დაარქვა, 2009 წელს დაიბეჭდა. ქალბატონმა ნანამ ეს არაჩვეულებრივი წიგნი მისახსოვრა და შევეცდები, იქიდან საინტერესო პასაჟები გაგიზიაროთ.

    წიგნში მსახიობები, რეჟისორები და უბრალოდ, “კინოშნიკები” იხსენებენ ბატონ თენგიზს…
    პირველი ფილმი რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ. მაგრამ პირველი წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ფილმი კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. კანში გამარჯვების შემდეგ რეზოს და თენგიზს ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა.

    “სხვისი შვილების“ გატანაც ბრძოლით მოუხდა. ასეთი შენიშვნები ჰქონდათ: ბავშვებს პიონერის ყელსახვევი რატომ არ უკეთიათ? რატომ არ გაიარეს იმ ქუჩაზე, სადაც ლენინის ძეგლი დგას? საბჭოთა ფილმი არ არის, იგზავნებოდა ამგვარი შინაარსის ანონიმური წერილები.

    „მე ბებია ილიკო და ილარიონსაც” გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო? თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ გურიის სიმწვანემ ხელი შეუშალა.

    ფილმ „ვედრებაში“ ვაჟას ბევრი ისეთი უცნობი ნაწარმოებები შევიდა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხალხმა ვაჟა-ფშაველას კითხვა დაიწყო. ფილმს ყველაზე დაბალი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. გრიგოლ კიკნაძემ თქვა, ფილმს რომ ხელს ფელინი აწერდეს, მაშინ ჩვენი სნობი საზოგადოება სხვანაირად ილაპარაკებდაო. შვიდი წლის შემდეგ კი “ვედრებამ” სან-რემოში გრან-პრი მიიღო.

    მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის მეუღლე: „მონანიებას“ რომ იღებდა, ორი „კაგებეშნიკი“ მივიდა სტუდიაში, თენგიზი ოთახში შეიყვანეს და დაკითხეს. მერე სცენარი მოსთხოვეს და წაიღეს. ძალიან გვეშინოდა. თენგიზმა სახლში მთელი დისიდენტური ლიტერატურა მოაგროვა და სახლიდან გაიტანა, ახლობლებს მიაბარა.
    მოახლოვდა 31 იანვარი, თენგიზი 60 წლის ხდებოდა. ზღვა წერილები და მილოცვები დაიბეჭდა. მე ვამშვიდებდი, ნახე, რა ხდება, ალბათ, ფილმი არ დაუხურავთ, თორემ ასე ხომ არ აღნიშნავდნენ შენს იუბილეს-მეთქი. ამათი ამბავი არ იცი შენ. მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ დაიჭირეს, ზენიტში რომ იყოო, მიპასუხა. დაბადების დღეზე 40 კაცი შეიკრიბა. გიგა ლორთქიფანიძე იყო თამადა. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. მოვიდა ედუარდ შევარდნაძის თბილი მოლოცვა.

    მეორე დილით რვა საათზე დარეკა ტელეფონმა. თენგიზმა აიღო და მესმის მისი ხმა: დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ. წავიკითხეთ თქვენი მოლოცვა, დიდი მადლობა. ეს ზარი ჩავთვალეთ იმის ნიშნად, რომ “მონანიების” გადაღების გაგრძელება შეიძლებოდა.

    სხვა რეჟისორები რომ მიწვევდნენ გადასაღებად, არ მიშვებდა. მე გადაგიღებო. თვითონაც არ გადამიღო. მე კი არა, მანანა აბაზაძე არ გაუშვა სხვასთან. ეჭვიანი იყო. უნდოდა, რომ თავისი აღმოჩენილი ადამიანი მარტო მისი ყოფილიყო. ორი პატარა ეპიზოდი მერგო – „ნატვრის ხესა“ (ნინოლას როლი, ფუფალას რომ თავის ტკივილის წამალს ასწავლის) და „მონანიებაში“ (მორების ეპიზოდში დედა).
    მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია. თვითონ არავის მტერი არ ყოფილა. ყოველთვის ამბობდა, ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოსო.

    თენგიზმა იარა თავისი გზით, სწორი გზით, სხვანაირად არც შეეძლო.

    წყარო: primetime