სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პუტინის "ქართული" საიდუმლოები - მას ორი ნახევარდა ჰყავს საქართველოში

    პუტინის "ქართული" საიდუმლოები - მას ორი ნახევარდა ჰყავს საქართველოში
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პუტინის "ქართული" საიდუმლო - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "კვირის პალიტრა" რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე.

    მასალაში მოცემულია ინტერვიუ პოლონელი ჟურნალისტთან, მწერალ კრისტინა­ კურჩაბ-რედლიხთან, რომელიც არაერთი წიგნის "Вова, Володя, Владимир. Тайны России Путина" (რომელიც პოლონეთში ბესტსელერად იქცა), მათ შორის ჩეჩნეთის ომზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორია. ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც პუტინის საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე მტკიცებით ფორმაში საუბრობს. 2005 წელს ის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. "კვირის პალიტრა" მას ვარშავაში დაუკავშირდა:

    - ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დამდეგს ამის შესახებ ერთ-ერთმა ქართულმა მედიამ მოამზადა სტატია (ცნობისთვის: ქალზე, რომელიც თავს პუტინის დედად მიიჩნევდა, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მარინა ბაბუნაშვილმა 2001 წელს ვრცელი ინტერვიუ მოამზადა, სადაც მოხუცი თავის ისტორიას დეტალურად გვიამბობდა), რომლის ამონარიდები, თემისადმი ცხოველი ინტერესის გამო რუსულ მედიაშიც გავრცელდა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაზეთ "Совершенно секретно-ს" დამფუძნებელი, შესანიშნავი ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი, კომპანია "Альянс"-ის წარმომადგენელ ზია ბაჟაევსა და კიდევ შვიდ კაცთან ერთად კერძო თვითმფრინავ Як-40-ით საქართველოში ვლადიმირ პუტინის დედასთან შესახვედრად აპირებდნენ გამოფრენას, მაგრამ თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ავიაკატასტროფას ეკიპაჟის ყველა წევრი ემსხვერპლა. ოფიციალურად მას ტრაგიკული შემთხვევა უწოდეს, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რადგან ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ბოროვიკი საქართველოში მოფრინავდა. საინტერესო ის იყო, რომ მან პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის ბავშვობის ამსახველი დოკუმენტური მასალა ვერ იპოვა, საქართველოში კი იმიტომ მიდიოდა, რომ მის ბიოლოგიურ დედაზე ინფორმაცია ჰქონდა. თვითმფრინავის აფეთქების საქმის გამოძიება 15 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ პილოტის დანაშაულის გარდა, სხვა პრობლემა ვერ გამოიკვეთა და საქმე დაიხურა.

    2000 წლის 25 აპრილს, მაშინ, როცა პუტინი უკვე პრეზიდენტი იყო, ბოროვიკი და ბაჟაევი კი დაკრძალული, არტემ ბოროვიკის გაზეთმა "Версия"-მ მაინც დაბეჭდა სტატია პუტინის საქართველოში გატარებულ პერიოდზე სათაურით "Генацвале Путин", თუმცა იმ დროისთვის მას პოლიტიკური სიმწვავე დაკარგული ჰქონდა, თან ეს იყო მხოლოდ ვერსია.

    იმავდროულად, გაირკვა, რომ მეტეხში, სადაც არსებული ინფორმაციით, პუტინმა ბავშვობა გაატარა, ვიღაც ჩინოვნიკები გამოჩნდნენ, რომლებიც მის შესახებ ცნობებს აგროვებდნენ და ვერა პუტინას სახლიდან გააქრეს მისი შვილის ბავშვობის ფოტოები, კითხვებს უსვამდნენ მის გარემოცვასაც, "პატარა ვოვაზე" რამე იცოდნენ თუ არა, ან ფოტოებს ხომ არ ინახავდნენ.

    - ფიქრობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ სოფელ მეტეხში?

    - დიახ, ФСБ-ს თანამშრომლები. ფაქტია, სკოლიდან გაქრა პუტინის საბუთები, ახლობლებს ჩამოართვეს ფოტოები. მეტეხელებმა მისი ხსენება შეწყვიტეს, პატარა ვოვას მძიმე ბავშვობაზე მხოლოდ პირად საუბრებში ლაპარაკობდნენ. როცა პუტინმა საპრეზიდენტო კამპანია წამოიწყო, რუსეთის პოლიტელიტამ მოსახლეობას პეტერბურგის ელიტურ გარემოცვაში აღზრდილი კადრი შესთავაზა, ზედმეტი, არასასიამოვნო წარსულის გახსენება კი თავსატეხი იქნებოდა.

    ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, დენი თითქმის არ იყო, ინფორმაცია იოლად ვერ ვრცელდებოდა და ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ ბევრს ახსოვდა პატარა ბიჭი ვოვა, რომელიც ამ სოფელში იზრდებოდა. მას შემდეგ იმ სოფლით, ოჯახითა და ვერა პუტინათი დაინტერესება გაიზარდა და ჟურნალისტების ვიზიტებიც გახშირდა. პარალელურად ოჯახს ხშირად "სტუმრობდნენ" რუსეთის საიდუმლო უწყების თანამშრომლები და აფრთხილებდნენ, ემუქრებოდნენ, რომ ამ თემაზე არავისთან ელაპარაკათ, თორემ პრობლემები შეექმნებოდათ.

    რუსეთში პუტინის გააქტიურების პარალელურად სოფელ მეტეხით არა მარტო ქართველი ან რუსი, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები დაინტერესდნენ. უფროსმა თაობამ, როგორც ჩანს, ზედმეტი პრობლემისგან თავის არიდება გადაწყვიტა და მედიასთან კომუნიკაცია შეამცირა. პუტინის იდენტობის დამადასტურებელი ყველანაირი ცნობა ძალიან სწრაფად ქრებოდა. თუმცა აკრძალვამდე მეტეხელებს არაერთხელ უამბიათ, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების დამდეგიდან 60-იანი წლების მიწურულამდე მათ თვალწინ იზრდებოდა ქერა და ცისფერთვალება ბიჭი, ვალოდია, რომ დედამისი, ვერა, ცოლად გაჰყვა მეტეხელ გრიგოლ ოსეფაშვილს. ერთი სიტყვით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩასასვლელად უამრავი მიზეზი მქონდა, თუმცა იქ სენსაციის საძებნელად კი არა, ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემების საწყისის, ძალადობის, ტირანიისა და დიქტატურის ფესვების შესასწავლად ჩავედი. მაინტერესებდა, რა იწვევდა ამ ადამიანში ასეთ სისასტიკეს და შევეცადე დეტალურად გამომეძიებინა პუტინის ბავშვობა, კა-გე-ბეს შელამაზებული კი არა, რეალური. ვიცოდი, რომ მისი სისასტიკე უსაფუძვლო ვერ იქნებოდა. ასე დაიწყო ყველაფერი. პუტინის "პეტერბურგული ბავშვობის" ზღაპარი რომ საეჭვოა, ამაზე მიანიშნებს საინტერესო დოკუმენტური ფილმი "პუტინის დედა", სადაც ავტორების მოპოვებული ცნობები ემთხვევა საქართველოსა და პეტერბურგში მოსმენილს.

    - კონკრეტულად?

    - ის, რომ პუტინის ნამდვილი დედა, ვერა ნიკოლაევნა, სანქტ-პეტერბურგელი კი არა, 1926 წელს ურალში, პერმის ოლქის ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაბადებული ქალია. ის სოფლის მეურნეობის ტექნიკუმში მექანიზაციის ფაკულტეტზე სწავლობდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში. იქ გაიცნო თანატოლი ბიჭი, პლატონ პრივალოვი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, დაფეხმძიმდა და მაშინ გაიგო, რომ პლატონი ცოლშვილიანი ყოფილა. ვერა დედასთან დაბრუნდა, დაბა კერიხინაში, სადაც სამშობიარო არ იყო და 1950 წლის 7 ოქტომბერს ურალის ოლქის ქალაქ ოჩერის სამშობიაროში გააჩინა ბიჭი - ვლადიმირ პუტინი.

    დაახლოებით ერთი წელი დედასთან ერთად ზრდიდა პატარა ვაჟს, შემდეგ კი პრაქტიკის გასავლელად ტაშკენტში გაანაწილეს. სადაც ვერა პრაქტიკას გადიოდა, სამხედრო ნაწილი ყოფილა განთავსებული და იქ გაიცნო საბჭოთა ჯარისკაცი, გრიგოლი, იგივე გოგა ოსეფაშვილი. როგორც კავკასიელ მამაკაცებს ახასიათებთ, ძალიან მარტივად დაახვია გოგოს თავბრუ, უთხრა, რომ საქართველოში დიდი და ლამაზი სახლი ჰქონდა, სადაც ბედნიერად იცხოვრებდნენ, და ვერამაც დაუჯერა. სინამდვილეში სასახლე ერთი უბადრუკი პატარა სახლი აღმოჩნდა, მაგრამ ვერას ძალიან უყვარდა ქართველი ქმარი, ამიტომ გაჭირვების მიუხედავად, კი არ მიატოვა, ურალიდან თავისი პატარა შვილი წამოიყვანა და საქართველოში დარჩა. ვერას ქმარმა გერი თავიდანვე აითვალწუნა. მისი იქ ყოფნა დიდად არ მოსწონდა ბევრი მიზეზის გამო, ხელმოკლედ ცხოვრობდნენ და ეშინოდა, რომ ვერ არჩენდა. მამინაცვალი გერს სცემდა...

    ბოლოს დედამ ვერ გაუძლო შვილის უბედურებას და როცა ბიჭმა მესამე კლასი დაამთავრა, დროებით, სავარაუდოდ, ზაფხულის არდადეგების გასატარებლად, რუსეთში, მშობლების სახლში წაიყვანა.

    - ბავშვი ქართულად სწავლობდა?

    - დიახ, ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო, იმდენად, რომ ურალის სკოლაში შეყვანის შემდეგ ორი კლასით უკან დასვეს, რადგან რუსული ენა სრულყოფილად არ იცოდა.

    დედა ამბობს, რომ ბავშვის ურალში წაყვანის გადაწყვეტილება მის გადასარჩენად მიიღო, სურდა, მოძალადე მამინაცვლისგან დაეხსნა, ნორმალური კვება, მზრუნველობა ჰქონოდა. თუმცა ვერასდროს იფიქრებდა, რომ შვილს უკანასკნელად ხედავდა. მოხუცი იხსენებდა, დამშვიდობებისას, რომელიც მაშინ დროებითი მეგონა, ისე ტიროდა, მთელი სხეულით კანკალებდა. არ მინდოდა ისტერიკას ავყოლოდი და არც ჩავიხუტე, რასაც მთელი ცხოვრება ვნანობო. ვერას მშობლებმა ერთხანს იზრუნეს ბიჭზე, მაგრამ შესაძლოა იმის შიშით, რომ ვერას ისევ მოძალადე მამინაცვალთან არ დაებრუნებინა, ბავშვი პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში საცხოვრებლად გადასულ შორეულ ნათესავებს, მარია შელოუმოვასა და ვლადიმირ სპირიდონის ძე პუტინს მიაშვილეს. ქალი 42 წლის იყო, მამაკაცი - 55-მდე. მათ ლენინგრადის ბლოკადის დროს ორი შვილი ჰყავდათ დაკარგული. ერთი სიტყვით, "ოფიციალური" ცნობების მიხედვით, 1952 წელს მათ ვაჟი გაუჩნდათ, სინამდვილეში კი ბავშვი იშვილეს. ვოვა ახლობლებთან დაშორებას ძალიან განიცდიდა, რადგან არც ისე პატარა იყო, ყველაფერი ახსოვდა, ისედაც ფსიქიკაშერყეულს, ახლა სხვა ოჯახში, უცნობ ადამიანებთან უწევდათ შეგუება.

    ბებია-ბაბუამ, ანუ ვერას მშობლებმა, ქალიშვილს უთხრეს, რომ ვოვა ინტერნატში ჩააბარეს და მას დედასთან კონტაქტი აღარ სურდა. დედა შვილს წლების განმავლობაში ეძებდა - რეკავდა ან წერილს გზავნიდა მშობლებთან, რათა შვილის მდგომარეობა გაეგო, მაგრამ ამაოდ. მაშინ კომუნიკაციის ასეთი საშუალებები არ არსებობდა, ადამიანები იოლად კარგავდნენ ერთმანეთს.

    ლენინგრადელი მეზობლები და პუტინების გარემოცვა იხსენებდა, მარიამ ერთ დღეს პატარა ბიჭი მოიყვანა და გვითხრა, ეს ჩემი შვილია, ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს, ეთამაშეთ და არ გამიბრაზოთო. ეზოს ბავშვები იხსენებდნენ, როგორ გამოეცხადათ ერთ დღეს პატარა პუტინი. უმეტესობა უსაფრთხოების გამო ვინაობის გამხელას ერიდებოდა, მაგრამ სიმართლე არასდროს იმალება. არასდროს, ფეხმძიმე მარია არავის უნახავს, ისე, როგორც ჩვილი ბავშვით მოსეირნე ცოლ-ქმარი, რაც რუს საზოგადოებაში მიღებულია. პატარა ვოვასთვის უცხო ხალხთან შეგუება ადვილი არ იყო. ბავშვს, როგორც ყველა მცირეწლოვანს, მშობლიური გარემო სჭირდებოდა. ახალი­ "მშობლები" ბავშვის ახალი დოკუმენტების მოგვარებას შეუდგნენ, ასე გაჩნდა მისი დაბადების ახალი თარიღი - ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წელს. სკოლაშიც მიიყვანეს, პირველ კლასში. ასე დაიწყო ვოვას­ პეტერბურგული­ ცხოვრება, რომელიც ლაღი არც შემდეგ ყოფილა. ვოვას არც ახალი "მამისგან" აკლდა ძალადობა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უფროსი ვლადიმირი შვილობილს ვერ იტანდა, უბრალოდ, ეგონა, ეს აღზრდის სწორი მეთოდი იყო. ის ხომ ენ-კა-ვედეს ყოფილი თანამშრომელი იყო. მოკლედ, მას სიმკაცრე ხასიათში ჰქონდა გამჯდარი და "შვილსაც" სასტიკად სჯიდა.

    - თქვენი ინფორმაციით, საქართველოში და ან ძმა დარჩა?

    - ორი ნახევარდა ჰყავს. ერთი ვერსიით, ძმაც, რომელიც ყველაზე უმცროსია, მასზე თითქმის არაფერია ცნობილი. უმცროსის, სონიას შესახებ ვიცი, რომ თბილისში ცხოვრობდა, უფროსი კი, სოფია, დედასთან და მკაცრად აკონტროლებდა, რომ მოხუცს მედიასთან არაფერი ეთქვა. მე გამიმართლა და ვერასთან ისეთ დროს მივედი, როდესაც ქალიშვილი შინ არ იყო, თუმცა მაინც ღობის იქიდან მომიწია გასაუბრებამ. ჭიშკარს დიდი რკინის ბოქლომი ედო. მასთან მისვლამდე დიდ მასალას გავეცანი, ვნახე დოკუმენტური ფილმები და გადაცემები. ქალი უკვე ასაკში იყო, მაგრამ ჩემთანაც სიტყვასიტყვით ის გაიმეორა, რასაც სხვასთან ჰყვებოდა. მითხრა, რომ შეუძლია გაუგოს შვილს, რომელმაც უარყო, რადგან თავის დროზე მან თქვა უარი პირველ შვილზე, ოღონდ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა. მოხუცის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფია წამოიზარდა, ხშირად რეკავდა იმ ინტერნატში, რომელზეც ბებია-ბაბუამ უთხრა, რომ ვოვა ცხოვრობდა, მაგრამ უფროსი ძმის შესახებ ვერაფერი გაიგო. ერთხელ რაღაც არხებით მის ბოლო კვალზე გავიდა, მაგრამ უხეშად უპასუხეს, კა-გე-ბეში მუშაობს და მასთან დაკავშირების უფლება არ გაქვთო. დიდი ალბათობით, თავად ვოვამ მოუჭრა ოჯახის წევრებს დასაკავშირებელი გზები. 2000-იან წლებამდე, ანუ მანამდე, სანამ პუტინი დიდ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, მისი პერსონა ისედაც ყველასთვის უცნობი იყო და არც არავის აინტერესებდა.

    როგორც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა მითხრა, 2015 წელს ისიც ჩასულა საქართველოში ვერა პუტინასთან შესახვედრად, მაგრამ მისმა ქალიშვილმა სასწრაფოდ წასვლა მოსთხოვა. ამის მიუხედავად, ერთხელ ქალის სახლში მაინც შეუღწევიათ სამედიცინო უწყების თანამშრომლებს, რომელთაც ვერას სისხლი აუღეს. წაუღიათ მისი თმის ღერებიც, სავარაუდოდ, დნმ-ისთვის თუმცა შემდეგ ამ საქმეზე არაფერი თქმულა.

    პუტინის ბავშვობის ამბების მოძიებას შეეწირა ჟურნალისტი ბოროვიკი და მისი თანმხლებნიც იმ თვითმფრინავში. იმის დაჯერება, რომ აფეთქება უბედური შემთხვევა იყო, მიამიტობაა, რადგან გაქრა ჟურნალისტის კომპიუტერი და სხვა მტკიცებულებები.

    თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ასიათასობით კაცის სიცოცხლეა პუტინის კისერზე - ჩეჩნეთის ომები, ლიტვინენკო, ანა პოლიტკოვსკაია, 1999 წელს მოსკოვში კაშირსკოე შოსეს გასწვრივ სახლების აფეთქების საქმეზე შექმნილი კომისიის წევრები...

    ადამიანების სიძულვილი პუტინის ცხოვრების ყოველდღიურობაა, რომელსაც იმით ამართლებს, რომ მისთვის რუსეთი ყველაფერზე, პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა დგას და მზად არის მას ყველაფერი შეწიროს. ასე იქცევიან ფსიქოლოგიური დარღვევის მქონე პირები.

    მე ვიყავი დრეზდენშიც, სადაც ახალგაზრდობაში პუტინი და მისი ცოლი, ლუდმილა ცხოვრობდნენ. გერმანელმა მეზობლებმა გაიხსენეს, რომ რუსი კაცი არასდროს ეხმარებოდა ფეხმძიმე ცოლს, არ სცემდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მუდმივად ამცირებდა, თავს არარაობად აგრძნობინებდა. კაბინეტში პეტრე პირველის პორტრეტი უკიდია, რაც ნიშნავს, რომ სურს ქვეყნის ისტორიაში დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელით შევიდეს. ასე იქცევიან ბავშვობიდან გაბოროტებული დიქტატორები, ცდილობენ თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსი რაღაც "დიდებული" საქმით შეფუთონ.

    წყარო: kvirispalitra.ge