ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, თუმცა სამ შემთხვევაში ის მოსახლეობამაც იგრძნო და საკმაოდ შეშფოთდა. ერთ-ერთი ბოლო მიწისძვრა 5 თებერვალს სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც საკმაოდ იგრძნობოდა.
გახშირდა თუ არა მიწისძვრები და რამდენად საფრთხისშემცველია ეს? – ამ თემაზე “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტნიუსის” ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, არასწორი მშენებლობების გამო თბილისი დიდი საფრთხის წინაშე დგას.
” სომხეთში 5 თებერვალს, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ეს იყო დაუსახლებელი ტერიტორია და ნგრევა
არ მოჰყოლია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ თბილისში მოხდეს, აი მაშინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქმე.
2002 წელს 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა აღმოჩნდა დამანგრეველი თბილისისთვის, როცა ამდენი კორპუსი და ასეთი ცუდი ინფრასტრუქტურული პროექტები არ იყო ამ ქალაქში. არასდროს არ მითქვამს ასე ხელაღებით, მაგრამ უკვე ჩემს პროფესიულ ვალდებულებად ვთვლი მოსახლეობა, მთავრობა გავაფრთხილო: ის რაც ხდება ქართულ სამშენებლო სივრცეში, უკიდურესად საშიშია ამ ქვეყნისთვის. ცეცხლს ვეთამაშებით! ძალიან მინდა ეს ყველამ გაიგოს. ძალიან გთხოვთ, გაფრთხილდით!” – განაცხადა თეა გოდოლაძემ “პოლიტნიუსის” ეთერში