სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქვეყნის მთავარი კანონი 102 წლისაა - რა წერია საქართველოს პირველ კონსტიტუციაში

    ქვეყნის მთავარი კანონი 102 წლისაა - რა წერია საქართველოს პირველ კონსტიტუციაში
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.

    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა – ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.


    პირველი ქართული კონსტიტუციით განისაზღვრა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც იმავდროულად ხასიათდებოდა ბევრი თავისებურებით:

    • კონსტიტუცია აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობის პრინციპს;

    • გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, წოდებრივი განსხვავების არარსებობა, ქალთა საარჩევნო უფლება. აღსანიშნავია, რომ ქალთა თანასწორი საარჩევნო უფლების აღიარება მანამდე კანონის დონეზე მოხდა, უფრო ადრე, ვიდრე არაერთ ევროპულ სახელმწიფოში;

    • გაუქმებულ იქნა სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის გამოყენება;

    • განმტკიცებულ იქნა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი;

    • ისევე როგორც უმცირესობათა უფლებები, ასევე სხვა ძირეული სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური უფლებები.

    აღიარებულია, რომ 1921 წლის კონსტიტუცია იმდროინდელ ევროპაში იყო გამორჩეულად პროგრესული სამართლებრივი დოკუმენტი, რის შესახებაც ხაზგასმით აღინიშნა არაერთი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის თუ მეცნიერის მიერ.

    „1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
    მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

    საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს.

    ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მეგობარსა და გულშემატკივარს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.