სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " ვცდილობ გავიხსენო ლაღი და სიცოცხლით სავსე, როგორიც იყო და როგორიც ყველას დაამახსოვრდა" - გიო ხუციშვილი 61 წლის გახდებოდა

    " ვცდილობ გავიხსენო ლაღი და სიცოცხლით სავსე, როგორიც იყო და როგორიც ყველას დაამახსოვრდა" - გიო ხუციშვილი 61 წლის გახდებოდა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეხუთე წელია, რაც გიო ხუციშვილი აღარ არის. 23 თებერვალს 61 წლის გახდებოდა. ძალიან ადრე წავიდა. კიდევ რამდენი სიმღერა დარჩა უმღერებელი, რამდენი სფერო აუთვისებელი, რადგან როგორც მისმა ზუკამ გვითხრა, ამ მოკლე დროში, უამრავ სფეროში მოასწრო რეალიზება.

    ზუკა ხუციშვილი: ეს დღე ჩემთვის ძველებურად ძვირფასია, მიუხედავად იმისა, რომ მამა უკვე მეხუთე წელია აღარ არის. ვცდილობთ, 23 თებერვალი იყოს ძველებურად პოზიტიური და აქტიური, როგორიც მისი აქ ყოფნის დროს იყო.

    ამ დღეს ვშლით გიოსთვის საყვარელ სუფრას და ვმასპინძლობთ მის სამეგობროს.

    სურდა, რომ მის გარეშე დაღვრემილი არ ვყოფილიყავით. არ გვაქვს უფლება იმედი გავუცრუოთ. პირიქით, მეტი სიყვარულით ვართ მის მეგობრებთან ერთად.
    სამეგობროდან ვერავის გამოვარჩევ. მთელი ქალაქი მისი საახლობლოა. ბავშვობის მეგობრების მოსაგონრადაც ვიკრიბებით, სამწუხაროდ, მის შემდეგ რომ წავიდნენ. ესეც მიზეზია, რომ მათმა შვილებმა ერთად მოვიგონოთ ჩვენი მამები. როგორც დავეტევით და ვისაც სურვილი აქვს, მოდიან.

    თავს ჯერ კიდევ ვაძალებ, რომ მამას დაბადების დღეზე ვიმღერო. მაგრამ ვცდილობ, ცრემლი და მწუხარება არ დავანახო იქ, საიდანაც გვიყუებს. მას სილაღე და სიმღერა უყვარდა, ცხოვრება და ქვეყანა უყვარდა... სიმღერა რომ არ გინდოდეს, მისი ხსოვნა მაინც აგვამღერებს.

    მისი სიმღერებიდან, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ძალიან მიყვარს. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ.

    აი, როგორ მოასწრო ამდენი პროფესიის გამოცვლა, ამდენ საქმეში თავის გამოცდა, ვოცდები - კინოში, სცენაზე, ომში, საბაჟოზე, თავდაცვის სამინისტროში, მეღვინედ, სპორტის სასახლეში... წყალბურთელიც იყო...

    შეუჩერებელი იყო. ამდენად რომელ ერთ ცხოვრების პერიოდზე გავაკეთო არჩევანი, ნამდვილად ვერ ამოვარჩევ. რთულია.

    მესიზმრება... მიჭირს უმისობა, დიდი სიცარიელე დატოვა. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გავიხსენო ლაღი და სიცოცხლით სავსე, როგორიც იყო და როგორიც ყველას დაამახსოვრდა.