სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ვინ არის მამაკაცი, რომელიც აიძულეს ყური საკუთარი ხელით მოეჭრა და გადაეყლაპა

    VIDEO: ვინ არის მამაკაცი, რომელიც აიძულეს ყური საკუთარი ხელით მოეჭრა და გადაეყლაპა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამაკაცი, რომელიც აიძულეს ყური საკუთარი ხელით მოეჭრა და გადაეყლაპა, 36 წლის სოსლან გახარიაა. მიზეზი ქურდული სამყაროს წევრების მხრიდან ფულის გამოძალვა გახდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის განადგურების მუქარას ვერ გაუძლო და თვითდაზიანების მიყენებას დათანხმდა.
    ფაქტს დისტანციურად ადევნებდა თვალს ცნობილი ე.წ. "კანონიერი ქურდი" თემურ გვასალია, იგივე სოხუმსკი. "კურიერმა" დაზარალებულის ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა.

    "ჩემს მეუღლეს დაურეკა მისმა ძმამ, ნიკა დანელიამ და უთხრა, რომ სახლიდან წასულიყვნენ, ვინაიდან სახლთან შეკრებილი იყვნენ კრიმინალური “ავტორიტეტები", ისინი იყვნენ სამი ავტომანქანით, დაახლოებით შვიდი კაცი. ამოვიდნენ სახლში, სადაც ტელეფონით ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო ე.წ. “კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია. მითხრა, რომ დანით მიმეყენებინა თვითდაზიანება. მე ძალიან შემეშინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის რამე არ დაეშავებინათ, ამიტომ ავიღე სამზარეულოს დანა, რომელიც ჩემმა მეუღლემ გააცხელა ქურაზე, მომაწოდა და ვიდეო ზარში ჩართული პიროვნებების თვალწინ გახურებული დანა მივიდე სახეზე, მარცხენა მხარეს ლოყაზე და მივიყენე დაზიანება" - წერია 36 წლის მამაკაცის ჩვენებაში.

    სოსლან გახარიაზე ზეწოლა ამით არ დასრულებულა. კაცი, რომელსაც “კანონიერი ქურდის“ მოთხოვნით სულ 65 000 ლარის გადახდა დააკისრეს, ჩვენებაში ფსიქოლოგიური ძალადობის უმძიმეს დეტალებს აღწერს. მას ყური საკუთარი ხელით მოაჭრევინეს და აჭამეს.

    “თემურ გვასალიამ თქვა, რომ მე უნდა დავსჯილიყავი და მიბრძანა, ამეღო ხელში დანა. ამ დროს, ნიკას უთხრა, რომ ტელეფონი მოეტრიალებინა ჩემსკენ და ენახებინა, თუ როგორ მოვიჭრიდი ყურს. ნიკამ ტელეფონი მოატრიალა, მე ავიღე საკანცელარიო დანა, რომლის მეშვეობითაც მივიყენე დაზიანება და მოვიჭერი მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი, რომელიც ასევე, თემურის მითითებით, გადავყლაპე," - წერია ჩვენებაში.

    სახლი, სადაც ეს უმძიმესი დანაშაული მოხდა, დაზარალებულის ცოლისძმას, ნიკა დანელიას ეკუთვნის. მომხდარის გახსენება ოჯახს ახლაც უჭირს და კამერის წინ საუბარი არ სურთ.

    სოსლან გახარიას წინააღმდეგ ქურდულ სამყაროს მისმა ნაცნობმა, ჯუანშერ სიჭინავამ მიმართა. დაზარალებულს მასთან ფინანსური ვალდებულება ჰქონდა აღებული. სამართალდამცველებმა ფაქტზე სულ ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში. სასამართლომ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით ხუთივე დამნაშავედ ცნო. მათ შორის დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა კანონიერ ქურდს თემურ გვასალიას და მისი უახლოესი გარემოცვის წევრს, კრიმინალურ “ავტორიტეტს“ მანუჩარ გერენავას. დაკავებულთა ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.

    სასამართლოს განაჩენს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა პროკურატურა. გამოძიება ხუთივე ბრალდებულის მიმართ უმაღლესი სასჯელის მოთხოვნით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

    ახლა საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში გაგრძელდება, მანამდე კი საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გასამართლებულ კანონიერ ქურდზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.