თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება მსოფლიო მედია . "თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა", - წერს Reuters-ი და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დამკვირვებლები საქართველოს მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ, იმის გამო, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის.
თბილისში მიმდინარე მოვლენებზე წერს BBC-იც და ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საკამათო კანონპროექტს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას.“
ამავე თემაზე საუბრობს CNN-იც - ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა და ქვეყნის ოპოზიციის უმეტესობას შიშობს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს მრავალწლიან ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
თბილისის საპროტესტო აქციებს გამოცემა Guardian-იც ეხმაურება და აცხადებს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონის კრიტიკოსების განცხადებით, მან შეიძლება გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.“
„პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს!“ - წერს გამოცემა.