"რევოლუციური გეგმა ასედაც და ისედაც ჩავარდებოდა. სახელმწიფოს ჰქონდა სრული რესურსი იმისათვის, რომ გაეგრძელებინა პროცესი, ჩვენ შეგვეძლო ამ კანონის მიღება. ჩვენ ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ კანონპროექტი, როდესაც სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა,“- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, რომ არა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, კობახიძემ აღნიშნა, რომ "კანონპროექტის უკან გაწვევის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ მეორე მხრიდან არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი, რასაც შეიძლებოდა რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.“
"თქვენ ნახეთ, რომ მინიმალური ზომების მიღებით, პროპორციული ძალის გამოყენებით მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი იყო გამოყენებული ხომ, არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან იყო ძალიან უხეში ძალადობა, სრულიად არაევროპული ძალადობა. სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა და ხელისუფლებამ ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო კანონპროექტი როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყო ერთადერთი- არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი მეორე მხრიდან, რასაც შეიძლებოდა რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ეს არ დავუშვით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო კიდევ ერთი მორიგი კავკასიური ცარცის წრის გათამაშება, სადაც ფიგურალურად ბავშვზე რომ ვისაუბროთ, ისინი მზად იყვნენ ეს ბავშვი გაეგლიჯათ და ჩვენ ბავშვს ხელი მაშინ გავუშვით, როდესაც საკმაოდ ძლიერად იყო წარმოჩენილი სახელმწიფოს მხარე.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.