უკვე წელიწად-ნახევარია ვერიკო ტურაშვილი, ორ მეგობართან ერთად, ბიზნესს აწარმოებს. აქვს როგორც ქალისა და მამაკაცის, ასევე ბავშვის შიდა თეთრეული ხაზი - "ტრიკო".
როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ააწყო, ეს მაინც მის საქმედ არ მიაჩნია.
აქვს მიზანი, სადმე, თბილისის შემოგარენში, ბუნებაში სახლის აშენება უნდა.
"მაქვს მიზნები და სურვილები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განვახორციელო. ვიცი, რომ თბილისიდან გასვლა და ბუნებაში ცხოვრება მინდა. კორპუსის და ლიფტის გარეშე ცხოვრება ადრე ვერ წარმომედგინა. ახლა პირიქით, ქალაქგარეთ მინდა დავსახლდე.
მინდა დიდი ძაღლი მყავდეს, რასაც ბინაში ვერ ვახერხებ. მიყვარს გერმანული ნაგაზი. და როდესაც საკუთარი კერძო სახლი მექნება, აუცილებლად ვიყოლიებ.
მინდა, რომ მქონდეს სათბური, სადაც ჩემი ოჯახისთვის მოვიყვან ხილს და ბოსტნეულს. ძალიან მინდა და როგორც კი ამის საშუალება მექნება, პირველად ამას გავაკეთებ.
მინდა დიდი ლამაზი ეზო მქონდეს, სადაც ჩემი ნაგაზი ირბენს.
სამყარო მგრძნობიარეა ჩვენი ფიქრების მიმართ. ფიქრი, რომელიც შენს მიზანს წარმოადგენს, მატერიალურია. ვერ გეტყვით, რომ ჩემი ქალიშვილები სამომავლო გეგმის წერაში მეხმარებიან-მეთქი, მაგრამ არც ხელს მიშლიან. ლიზა სტუდენტია, ნატაშკა - მოსწავლე. უნდათ ყველაფერი ის, რაც ჩემი ოცნებაა.
რთული აღმოჩნდა ბიზნესის მართვა. ამის გამო ბევრ რამე მოვაკლდი. თუმცა უკვე შევძელით, რომ რელსებზე შევაყენეთ საქმე, ავიყვანეთ პროფესიონალი კადრები.
მე და ჩემი მეგობრები თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდეთ ამ ბიზნესს. პირველივე ნაბიჯები გააზრებული გამოგვივიდა. თუმცა ნულიდან დავიწყეთ, შესაბამისი ცოდნა არ გვქონია. ერთ-ორ მეგობარ დიზაინერს დახმარება რომ ვთხოვე და რჩევებს ვეკითხებოდი, მიპასუხეს, ჯობია თვითონ დაადგე გზას, ცხვირში ამოირტყა, რომ მერე უფრო ყოჩაღად გააგრძელოო. არ ვფიქრობ, რომ ეს კეთილი რჩევა იყო. არ ვიცი ეს რა იყო, თუმცა უახლოესი მეგობრისგან აი, ასეთი პასუხი მივიღე. ასეც გამოვიდა. დასაწყისში რაღაცამ არ გაამართლა, ვერ აეწყო, მაგრამ მერე ვიპოვეთ გზა და დავადექით სწორ მიმართულებას.
წელიწად-ნახევარში დიდი წინსვლა გვაქვს, მოლებში შესვლა შევძელით, გავხსენით მაღაზიები. ეს ყველა გაგებით რთულია, ჩვენ ეს შევძელით. გვყავს ჩვენი მომხმარებელი, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს. ვფიქრობთ, რა მრავალფეროვნება შევმატოთ ჩვენს ხაზს.
როცა რამეს ვაკეთებ, მიყვარს სრულფასოვნად გავერკვე და ისე შევუდგე კეთებას. სიღრმისეულად ვუდგები. ვერ ვიტყვი, რომ მენეჯერულ საქმეში თავი ვიპოვე და ეს ჩემი ყოფილა, ასე არ არის, თუმცა გამომადგა იმაში, რომ სამომავლოდ კადრების სწორად შერჩევაში დამეხმარება.
რაც შეეხება სიმღერას, ვმუშაობ განსხვავებული ჟანრის ახალ ალბომზე. აზიური მუსიკა ყოველთვის მომწონდა. სულ ვეძებდი მუსიკოსებს, ვისთან შემეძლო ამ ჟანრზე მემუშავა. და საინტერესო მუსიკოსები აღმოვაჩინე. როგორც ქართველი, ისე თურქი, აზერბაიჯანელი. სიმღერებსაც ვწერ როგორც ქართულ, ისე ვთქვათ, აზერბაიჯანულ ენაზე. ჩვენს სიმღერაზე აზიურ მუსიკას აქვს გავლენა, ისევე როგორც მათზე ქართულს. აზიური მოტივები ჩვენთან უყვართ. ვცდილობ, ეს ჟანრი არა ტაშ-ფანდურულად, არამედ საკმაოდ დავარცხნილი და გამართული მივაწოდო მსმენელს. ბაიათიც შეიძლება იყოს ჩემს რეპერტუარში, მაგრამ ჩემეული ვერსია. სერიოზულ მუსიკოსებთან მუშაობა სიმღერებს დიდ ხიბლს აძლევს.
ახლა ძველ აზერბაიჯანულ სიმღერაზე (ტექსტი ნანა ცინცაძემ დამიწერა) კლიპს გადავიღებ და მაყურებელს მალე წარვუდგენ.
არ ვიცი, რისი ბრალია, თუმცა ავტორები დეფიციტური გახდა ჩვენთან. ბოლო წლებში ქართულ სიმღერებს მიუბრუნდნენ მსმენელები, ძველ სიმღერებში იქექებიან და აუცილებელია ახალი ქართული სიმღერის ჩაწერა. ამიტომ ქართველ კომპოზიტორებს ვეძებ, რომ მათთან ვითანამშრომლო..."-ამბობს ვერიკო ტურაშვილი.