"ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება, სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა იეორონიმე წერს.
"მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დროშის შემქმნელი გახლავთ სტრასბურგელი დიზაინერი არსენ ჰეიცი, რომელმაც თქვა, რომ ამ დროშის შექმნისას მისი შთაგონების წყარო სწორედ სტრასბურგის კათედრალში (ნოტრ-დამი) არსებული მარადის ქალწული მარიამის ქანდაკება იყო. ქვემოთ ფოტოზე ასახულია აღნიშნული ქანდაკება”, – წერს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ "ალტ-ინფოს“ წევრებმა საპროტესტო აქციის დროს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
ვანდალიზმის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდებოდა თავის ადგილს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით, პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.