სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ავეჯის კომპანიაში მუშაობდა და დევეპე შუბლის არეში დაეცა" - რას ამბობენ გარდაცვლილ აქტივსტზე?

    "ავეჯის კომპანიაში მუშაობდა და დევეპე შუბლის არეში დაეცა" - რას ამბობენ გარდაცვლილ აქტივსტზე?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამოქალაქო აქტივისტი, გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

    გარდაცვლილის მეგობარი, კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ გივი კუბლაშვილმა სამსახურში ტრავმა მიიღო ე.წ დევეპეს გადმოცვენის შედეგად.

    "ტრაგიკული შემთხვევა მის სამსახურში გუშინ, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში მოხდა. ერთ-ერთ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა. წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო. როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა.

    თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ. ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს. ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო. დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა.

    ქვეყანამ ძალიან მაგარი ადამიანი დაკარგა. ობლობაში იყო გაზრდილი. გივიკოს მამა ავტოავარიით იმ ასაკში გარდაეცვალა, რა ასაკშიც ახლა მისი შვილები არიან. დედამ გივიკო ძმასთან ერთად ობლობაში გაზარდა. ისეთაც ცოტანი დავრჩით საქართველოში ქართველები და ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდის გარდაცვალება მართლაც კატასტროფაა", - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.