სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა დღეები გვაქვს გადატანილი ყინვაში... უმძიმესი პერიოდი იყო" - გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

    "რა დღეები გვაქვს გადატანილი ყინვაში... უმძიმესი პერიოდი იყო" - გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრების უცნობი დეტალები
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც მშობლებს და ახლობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და მალე პატარა გიორგი ოთახში მოწყობილი "მოედნიდან" ნამდვილ მოედანზე აღმოჩნდა. მისი "ოსტატობა" მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია და პირველივე დღეს მესი უწოდა. მის კარიერაში ბევრჯერ იყო გამარჯვების სიხარული, აღიარება, ტრავმა, რთული პერიოდიც...

    ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უფრო მეტს მისი დედა, მთვარისა რუხაძე "კვირის პალიტრას მოუთხრობს.

    "ფეხბურთისადმი ინტერესს ძალიან პატარა ასაკიდანვე ავლენდა. სახლში სულ ბურთით თამაშობდა, ხან რას გატეხდა და ხან რას დააზიანებდა. ეზოში რომ ჩავიყვანდი, იქაც ფეხბურთის თამაშის გარდა, არაფერი უნდოდა. უფროსები უყურებდნენ და აღნიშნავდნენ, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. თავისებური ტექნიკა ჰქონდა. მეზობლები მირჩევდნენ, ფეხბურთზე შემეყვანა. სპორტის ეს სახეობა თავადაც ძალიან მიყვარს. 6 წლის ხდებოდა, გიორგი ფეხბურთზე "დინამოში" რომ მივიყვანე, მწვრთნელი გივი ლომიძე იყო. გიორგიმ აკენწვლები რომ გააკეთა, უყურა მის მოძრაობებს და ჰკითხა, - შენ რა გვარი ხარ? - ჩაკვეტაძე, - ჩაკვეტაძე კი არა, მგონი, მესი ხარო. ასეთი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში."- ამბობს ფეხბურთელის დედა.

    კითხვას უხაროდა თუ არა გიორგის ვარჯიშზე წასვლა მთვარისა რუხაძე პასუხობს:

    "ძალიან, მწვრთნელი 5 საათზე რომ გვიბარებდა, ჩვენ იქ 4-ზე უნდა მივსულიყავით. ძალიან მშრომელი იყო, დაუზარელი, მიზანდასახულიც. არ მახსოვს შემთხვევა, ვარჯიშზე წასვლა ერთხელ მაინც დაზარებოდა."


    გიორგის პივრელ წარმატებას ასე იხსენებს:

    ""ნორჩი დინამოელი" ძალიან კარგი, შეკრული გუნდი იყო. გიორგი ტურნირებზე სულ დადიოდა. 10-11 წლის იქნებოდა, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე რომ გავიდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მოიგეს და ბუნებრივია, მშობლები გახარებულები ვიყავით. ჩემგან ოდნავ მოშორებით ჩივაძე იდგა. ბუნებრივია, არ იცოდა, რომლის მშობელი ვიყავი. გვერდით მდგომს გიორგიზე ეუბნებოდა, - ეს რა მაგარი ბავშვია, პატრონი თუ ჰყავს, მაგარი ფეხბურთელი გამოვაო. გიორგიმ ის თამაში მართლაც კარგად ჩაატარა, პრიზს თითქოს არ ველოდი, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს. დედისთვის ეს იცით, რას ნიშნავს? ძალიან გამიხარდა-მეთქი, რომ ვთქვა, ესეც ცოტაა, იმ ემოციის გადმოცემა შეუძლებელიც კი არის. შენს შვილს შრომა რომ უფასდება, ძალიან ბედნიერი ხარ.


    მთვარისა რუხაძეს ჰკითხეს თუ თავად გიორგიმ როგორ მიიღო ეს ამბავი და თუ სჩვევია ემოციების გაზიარება, რაზეც პასუხობს:

    "გიორგის პრიზი ყიფიანის შვილმა გადასცა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ახლაც ნაკრების თამაშებს თუ უყურებთ, შეამჩნევდით, გოლი რომ გააქვს, თავჩაღუნული ხვდება ამ სიხარულს. ბავშვობიდან ასე იყო. სულ ვეუბნები, სიხარული ცოტა სხვაგვარად გამოხატე, ხომ უყურებ ფეხბურთელების რეაქციებს-მეთქი?! პატარა ასაკიდანვე ასეთი წყნარი და თავისებური იყო. ბელგიურ გუნდში რომ გადავიდა, იმდენი ტელევიზია ჩადიოდა, სიუჟეტებს ითხოვდნენ, ინტერვიუების ჩაწერა უნდოდათ და გიორგი სულ თავს იკავებდა, ყველას უარს ეუბნებოდა.

    ფეხბურთელის დედამ გიორგის ტრამვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა აღნიშნული ტრამვა თავს აღარ ახსენებს, მაგრამ მან 2 წელი დააკარგვინა.

    "9 წლის ხდებოდა, ტრავმა რომ მიიღო, ბელგიაში ხელოვნურ მოედანზე სათამაშოდ წავიდნენ, იქ მუხლi სერიოზულად დაიზიანა. არადა, 1 კვირაში ახალი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. მასში 20 მილიონზე მეტს იხდიდნენ, მაგრამ ტრავმის გამო ხელმოწერა აღარ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო გაუცდა, ფსიქოლოგიურად მაინც არ გატყდა, სულ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სტადიონზე შედიხარ და სათანადო ყურადღება არ გექცევა, ძალიან რთულია. ამ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. ამ დროს გამოჩნდა გიორგის ცხოვრებაში ვლადიმერ ვაისი (სლოვაკი ფეხბურთელი, მწვრთნელი). ის იცნობდა გიორგის პოტენციალს, წაიყვანა კლუბში "სლოვან ბრატისლავა", ათამაშა, დრო მისცა."
    - ამბობს მთვარისა.

    როგორც ქალბატონი მთვარისა ამბობს გიორგი შეყვარებული არ არის.

    "სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა."


    თუმცა გოგონები აქტიორობენ.

    "გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!""
    - ამბობს მთვარისა რუხაძე.

    წყარო: kvirispalitra.ge