სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე - შესაძლოა თქვენი შვილები ქუნთრუშათი მარტივარ დაავადნენ

    გამოიჩინეთ სიფრთხილე - შესაძლოა თქვენი შვილები ქუნთრუშათი მარტივარ დაავადნენ
    11 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბავშვებში ქუნთრუშით დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა. რა სიმპტომებით ვლინდება? როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

    ონლაინლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ინფექციონისტი თეონა გიორგაძე.

    ქუნთრუშა ძირითადად ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებაა, მოსახლეობა “ბატონების” სახელითაც მოიხსენიებს. 3 წლამდე და 15 წლის ასაკის შემდეგ ძალზე იშვიათად გვხვდება. მისი გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ინფიცირების ძირითადი გზა არის კონტაქტური და ჰაერწვეთოვანი.

    ისევე როგორც ყველა სხვა ინფექციურ დაავადებას, ქუნთრუშასაც აქვს ინკუბაციური პერიოდი, რაც 1-დან 7 დღემდეა. დაავადების ხანგრძლივობა კი კორელირებს მის სიმძიმესთან. გადატანის შემდეგ ქუნთრუშა ტოვებს მყარ იმუნიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებით არ ემართებათ.

    ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია: დაავადების დაწყება ყელის ტკივილით, რასაც ერთვის ცხელება და კანზე გამონაყარი. ობიექტურად აღინიშნება პირ-ხახის ლორწოვანის მკვეთრი ჰიპერემია, ე.წ. “ალისფერი ხახა”, რომელსაც თან ახლავს ყელის ძლიერი ტკივილი, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჩირქოვანი ტონზილიტი, ენა დაფარულია თეთრი ფერის ნადებით, ენის წვერი კი ჰიპერემიულია, დინამიკაში თეთრი ფერის ნადები სცილდება, დვრილები შიშვლდება და ენა ხდება “ჟოლოსებრი”, რაც ასევე პათოგნომურია ამ დაავადებისთვის. გადიდებულია ყბისქვეშა და კისრისწინა ლიმფური კვანძები, პალპაციით კი მტკივნეული. რაც შეეხება გამონაყარის თავისებურებას, ვითარდება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი ჰიმერემიულ კანზე, მთელი სხეულის უმეტესად კი ბუნებრივი ნაკეცების არეში, იწვევს თეთრ დერმოგრაფიზმს, სახეზე ჰიპერემიულ ფონზე შესამჩნევია ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სიფერმკრთალე. გამონაყარის ალაგების შემდეგ ხდება კანის აქერცვლა, მეტი ინტენსივობით მტევნებისა და ტერფების არეში.

    ქუნთრუშა, როგორც სხვა დანარჩენი ინფექციური დაავადებები შესაძლებელია მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით და/ან მძიმედ. მძიმე მიმდინარეობისას გართულების სახით ვითარდება სეფსისი, სეპტიკური შოკი, რაც ზოგჯერ დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ლეტალობით ხასიათდება.

    დაავადების გადატანიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ იშვიათად თუმცა შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი გართულებები: ნეფრიტის, კარდიტისა და/ან პოლიართრიტის სახით. აღნიშნული გართულებების რისკის არსებობის შესახებ აუცილებელია მშობელი ინფორმირებული იყოს და აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს.

    როგორ ხდება მკურნალობა?

    როგორც ვთქვით, ქუნთრუშა არის ბაქტერიული ინფექცია, შესაბამისად მისი მკურნალობის ძირითადი მეთოდი ანტიბიოტიკოთერაპიაა. ანტიბიოტიკების ერამდე დაავადება ხასიათდებოდა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. საბოლოოდ დაავადება გახდა მართვადი და მკურნალობა ძალზედ ეფექტური. ანტიბიოტიკის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ პაციენტი გადამდები აღარ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ზოგადი მდგომარეობა შეუწყობს ხელს შეუძლია გამოცხადდეს სასწავლო თუ სამუშაო დაწესებულებაში. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 3-5 დღის შემდეგ დგება კლინიკური გაჯანსაღება. ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობა 10 დღეა! (მიუხედავად კლინიკური გაჯანსაღებისა!). წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი ისეთი არასასურველი შედეგებისა როგორებიცაა რეციდივი, გართულებები და ანტიბიოტიკორეზისტენტობა.

    რას გვეტყვით პროფილაქტიკაზე?

    პროფილაქტიკას რაც შეეხება, სამწუხაროდ ვაქცინა ამ დაავადებისგან დასაცავად არ არსებობს. დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დაავადებულთან კონტაქტისთვის თავის არიდება.

    დაავადების შემთხვევაში გართულებების პროფილაქტიკა კი დროულად დასმული დიაგნოზი და სწორად დაწყებული მკურნალობაა.