სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “რა გჭირს სახეზე? რამე დაგეჯახა?" ამგვარი კომენტარების გამო ეს დამემართა" - ტიკტოკერი მარიკოს ემოციური სიტყვები

    VIDEO: “რა გჭირს სახეზე? რამე დაგეჯახა?" ამგვარი კომენტარების გამო ეს დამემართა" - ტიკტოკერი მარიკოს ემოციური სიტყვები
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ტიკ ტოკერი” მარიამ სადღობელაშვილი , ძალიან აქტიური და პოზიტიურია, რომელიც მუდამ კარგ განწყობაზე დაგაყენებთ, თუკი მის ვიდეოებს თვალს გადაავლებთ,

    სული ადამიანს გარეგნულადაც ეტყობა. და როდესაც ეს ასე მკვეთრად თვალსაჩინოა ფერადი და დადებითი ენერგეტიკა, ეს გადამდებია და ხალისს გმატებს...

    ზესტაფონიდან ხუთი წლის წინ ჩამოვიდა. დამოუკიდებლად ცხოვრება ოჯახის უცხოეთში გამგზავრებამ დააწყებინა.

    ჩვილობაში გართულებულმა სეფსისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მერე იყო რამდენიმე ოპერაცია, ტკივილები და ცხოვრების ყავარჯნის ტემპით დაწყება...

    თვლის, რომ ტიკ-ტოკმა ცხოვრება შეუცვალა. მარიკოს ვიდეოები ბევრისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.

    VIDEO: “რა გჭირს სახეზე? რამე დაგეჯახა?" ამგვარი კომენტარების გამო ეს დამემართა" - ტიკტოკერი მარიკოს ემოციური სიტყვები



    ახლა ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვები მათი გულწრფელი გრძნობების გამო უყვარს.

    მარიკო სადღობელაშვილი: ვინაიდან ტიკ-ტოკის სივრცეში ვაქტიურობ და ადამიანები იქიდან მიცნობენ, მაქვს ჩემი პერფომანსი, რომელსაც ბავშვების დაბადების დღეზე, სურვილისამებრ, ითხოვენ. "ტიკ-ტოკ პროგრამა მარიკოსთან ერთად" მოიცავს ჩემს ცეკვებს, თამაშებს, ანუ მთლიანად ტიკ-ტოკის კონტენტის
    ნომრები მაქვს.




    ამბობს, რომ თავიდან, როდესაც სოციალურ ქსელში პირველი ნაბიჯები გადადგა, ვერ იფიქრებდა, რომ ეს მისი ყოველდღიურობა გახდებოდა და მის ცხოვრებას სწორედ ტიკ-ტოკ კონტენტის შექმნა შეცვლიდა.

    იყო ნეგატიური გამოხმაურება, უტაქტო კომენტარები, რამაც სილა გააწნა, თუმცა თავს შთააგონა, რომ ამას არ უნდა დაეთრგუნა.



    მარიკო სადღობელაშვილი: ჩემს ცხოვრებაში, სოციალურ ქსელში აქტიურობამ, ბევრი რამ შეცვალა. ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები მიღიმიან და უანგაროდ მჩუქნიან სიყვარულს. მგონია, რომ საქართველოში სიყვარულის მოპოვება მარტივი არ არის. მე კი, ადამიანებს ვუყვარვარ და ეს ბედნიერება მხვდა წილად. ეს ძალიან მაგარია.

    თუმცა გულახდილად გეტყვით, თავიდან იყო ჩემს მიმართ აგრესია. თანაც ძალიან დიდი აგრესია ჩემი განსხვავებული ვიზუალის გამო. ჩემი ამ გარეგნობით გამოჩენა ისე გაუკვირდათ ადამიანებს, რომ მეგონა, სხვა სამყაროდან ვიყავი.



    მეც ვიცი, რა არის ჩემი განმასხვავებელი ჩემს ვიზუალში, თუმცა მე ჩემს თავს მიჩვეული ვიყავი და არასდროს მიგრძვნია, რომ განსხვავებული ტიპის სახე მაქვს. ჩემს თავთან, ტიკ-ტოკამდე, დისკომფორტია არ მქონია. მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი უტაქტო გამოხმაურება და დიდი სიხშირით მოწერილი - რა გჭირს სახეზე? რამე დაგეჯახა? ვინმემ დაგარტყა? - დავფიქრდი და დავიწყე სახეზე დაკვირვება, თავს ვეუბნებოდი, მე მგონი, შენი სახე ცოტა გვერდზეა-მეთქი.

    ახლა ამას ასე იოლად კი გიყვებით, მაგრამ ეს ძალიან სტრესული იყო იმ დროს ჩემთვის. არ ვიცი, სხვა ქვეყანაში განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებულება აქვთ. ალბათ, ასეთ დროს სხვადასხვა ფორმაა ადამიანთან ურთიერთობის. ქართველებს გვაქვს იმის პრობლემა, რომ ურთიერთობა სწორად და ჯანსაღად ავაწყოთ. ნეგატიური კომენტარების დაწერისას არ იაზრებენ, რამდენად ცუდად იქცევიან. არ ვბრაზდები, უბრალოდ, ასეთ გამოხმაურებებზე გული მწყდება... არავინ ვიცით, ხვალ ვის რა გველოდება... მეტი დაფიქრება გვმართებს.
    სამი თვის ვიყავი მარცხენა მენჯ-ბარძაყის პრობლემა მქონდა, დაგროვდა ჩირქი. ვერ მოხდა სწრაფი რეაგირება. მედიცინა არ იყო ასე განვითარებული. როცა პრობლემის შესახებ გაიგეს, დაგვიანებული იყო. მერე ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ღვთის წყალობით, გადავრჩი და აგერ თქვენთან ვწერ ინტერვიუს...

    ერთი პერიოდი ვიფიქრე, თავი დამენებებინა სოცქსელში აქტიურობისთვის. არ მინდოდა ჰგონებოდათ, რომ მე, ჩემი ვიდეოებით, უბრალოდ ყურადღებას ვიქცევ. მერე ისიც ვიფიქრე, რომ მჭირდებოდა განვითარება, ადამიანებთან კომუნიკაცია და თუკი მე, ამ სამყაროში ჩავიკეტები, მერე რეალურ ცხოვრებაშიც გამიჭირდება ადამიანებთან ურთიერთობა-მეთქი. დავისახე მიზანი, რომ მე, სწორედაც ჩემნაირად განსხვავებული ადამიანებისთვის გავმხდარიყავი მოტივატორი. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და შემდეგ სხვისთვის. მგონია, რომ ეს გამომივიდა. მწერენ, რომ ჩემი თავდაჯერება და ნამდვილობა მათთვის სტიმულია და ჩემი შემხედვარე ირწმუნეს საკუთარი თავის. რა მაგარი გოგო ხარ, მარიამ, რომ შეძელი და საჯაროდ ასე თამამად გამოჩნდიო.

    თავდაჯერება მას შემდეგ მოვიდა, რაც საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად. მე არ მსურდა ჩავკეტილიყავი. მივხვდი, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან ვინმეს შევცოდებოდი, რა საწყალი და შეუმდგარი ვარ, ან პირიქით, მამაცი და მებრძოლი ვყოფილიყავი. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. ამას დრო სჭირდებოდა. თავთან მუშაობა მქონდა. მოკლედ, მინდოდა კარგი გოგო ვყოფილიყავი და გავხდი!

    დღეს მარიკო არის ლაღი, ნამდვილი, თავდაჯერებული და მებრძოლი.




    რთულია ის, რომ ჩემი ოჯახისგან შორს ვარ. დედა და ძმა საბერძნეთში არიან, მამა პოლონეთშია. ადრე ჩემთვის მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. მერე წავიდნენ... და ახლა ვფიქრობ, მე რომ მარტო არ დავრჩენილიყავი, ასეთი დამოუკიდებელი და პიროვნულად ჩამოყალიბებული ვერ ვიქნებოდი. მარტოობაში უფრო შემდგარი პიროვნება ხდები. დღეს მე მარტო ცხოვრება არ მიჭირს. თავდაჯერებული ვარ. ზაფხულობით, როდესაც დრო მაქვს, ზესტაფონში ვარ ხოლმე.

    ვგიჟდები ისე მიყვარს სიცოცხლე. თუ ფეხი არ მტკივა, მზიან ამინდში ვსეირნობ, ვუსმენ მუსიკას და ვბედნიერდები. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას არ ვიკეტები. გარედან უდარდელი და უპრობლემო შეიძლება ვეგონო ვინმეს. მე ვცდილობ, ჩემი თავი მალე გამოვიყვანო ცუდი მდგომარეობიდან და ვცდილობ, კარგად ვიყო.

    მიხარია, რომ დავიბადე! მიყვარს ჩემი დაბადების დღე, 25 მაისი. ჩემი რჩევაა თავი შეიყვაროს ყველამ. ყველა წამი დავაფასოთ. არ გაიხადოთ სხვისი აზრი პრიორიტეტად. იმის გამო, ვიღაც ჩემზე რას იფიქრებს, ვერც ერთ წამს ვერ დავკარგავ.

    ფერადი თმა სასწაულ განწყობაზე მაყენებს. მგონია, რომ ფერად სამოსში და ფერად თმაში ადვილად შესამჩნევი ხდები. გინდა თუ არა, თვალი გიყურებს. ზაფხულში შავი თმა ისევ უნდა გადავიღებო, რადგან მოსაწყენია.

    ბევრი მწერს, რომ ჩემთან ერთად სიამოვნებით დალევდა ყავას. გაგიმხელთ ჩემს გეგმას. არც თუ ძალზე შორეულ მომავალში, პატარა კაფეს გახსნა მსურს. მინდა ვიყო დამოუკიდებელი და საკუთარი თავის რჩენა დამოუკიდებლად შევძლო. თავდაჯერებულობა მატულობს, როდესაც საკუთარი საქმე გაქვს და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხდები. მოკლედ, ჩემი მომზადებული ყავით ჩემს ფერად კაფეში დავხვდები ყველას, ვისაც მოსვლის სურვილი ექნება. ენერგიული ვარ, არ ვიღლები, ადამიანებთან მექნება კომუნიკაცია. მგონია, რომ გამომივა.
    კიდევ გეტყვით იმას, რომ სიყვარულზე ჩემი შეხედულება მაქვს. მეგობრები მეუბნებიან, ფერადი სათვალით უყურებ ცხოვრებას და ჯობს ეგ სათვალე მოიხსნაო. როდესაც ნამდვილი სიყვარულია, იქ ყოველგვარი მატერიალური უკანა პლანზეა გადამალული. ანგარებას ნამდვილ სიყვარულთან არაფერი ესაქმება. მე მინდა მარიამი უპირობოდ უყვარდეს ვინც იქნება. არ იფიქრონ, რომ მატერიალურს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებდე, უბრალოდ, ურთიერთობაში ეს პრიორიტეტული არ უნდა იყოს. სტატუსი და ფინანსური მდგომარეობა გადამწყვეტი არ არის ჩემთვის.

    ეს ჩვენ ვჩქარობთ ადამიანები, თორემ ყველაფერს თავისი დრო აქვს.