სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნიშნები თუ როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ჩუტყვავილა რთულდება - ინფექციონისტის რჩევებს გვიზიარებს

    ნიშნები თუ როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ჩუტყვავილა რთულდება - ინფექციონისტის რჩევებს გვიზიარებს
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარმა ტრაგედიამ , რომლის დროსაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ყველა დაამწუხრა და შეაშფოთა. მშობლები დაინტერესდნენ ჩიტყვავილის შესახებ ინფორმაციით. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა mshoblebi.ge საუბრისას აღნიშნავს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ აუცილებლად სპეციალისტს და რა ნიშნები არ უნდა გამოგრჩეთ მაშინ, როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა აქვს:

    ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა. მისი ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, რამდენიმე დღიდან, მაქსიმუმ 3 კვირამდე გრძელდება. საშუალოდ, მე-10-მე-14 დღეს შეიძლება გამოვლინდეს და როგორც აღვნიშნე, მწვავედ იწყება. შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს ტემპერატურული რეაქცია, ზოგადი სისუსტე, შემდეგ კი სპეციფიკური გამონაყარი ვითარდება. თავიდან, შესაძლოა, ლაქოვანი ელემენტები იყოს, შემდეგ უკვე ბუშტუკები, ანუ ვეზიკულები ჩნდება. როგორც წესი, თავდაპირველად, გამონაყარი სახეზე, თავის თმიან ნაწილში, გულმკერდზე ვითარდება და შემდეგ უკვე მთელ სხეულზე ვრცელდება. ძირითადად, ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკში გვხვდება ხოლმე და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, მძიმე მიმდინარეობაც აღინიშნება. დაახლოებით, 100-დან 2 პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს ეხება როგორც ბავშვთა ასაკს, ასევე მოზრდილებსაც.

    - რა შემთხვევაში უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ექიმის დახმარება სჭირდება?
    - არის გარკვეული საყურადღებო ნიშნები, რომლებზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. თუ არის მაღალი, უკონტროლო ცხელება და პირველ 48 საათში საკმაოდ უხვი გამონაყარი ვითარდება, გამონაყარი მთელ სხეულზეა გავრცელებული, ან კიდევ არის ე.წ. ჰემორაგიული გამონაყარი, ანუ გამონაყარს სხეულზე თან ახლავს სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები, ეს საკმაოდ სერიოზული სიმპტომებია და ნიშნავს იმას, რომ მშობელმა პირველივე დღეებიდან ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც მდგომარეობას შეაფასებს და ადეკვატურ რეკომენდაციებს მოგვცემს. არსებობს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, რომლის დაწყებაც მსგავს გართულებულ შემთხვევებში პირველ 48-72 საათში საკმაოდ ეფექტურია და დაავადების მძიმე მიმდინარეობას თავიდან გვარიდებს.

    თუ დაავადება თავიდანვე აგრესიული ფორმით არ დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღეში შეექმნა პაციენტს პრობლემა, ყველაზე ხშირად რაში გამოიხატება გართულება?

    - ყველაზე ხშირად ჩუტყვავილის ვირუსული პნევმონია გვხვდება, რომელიც, როგორც წესი, მე-3-მე-4 დღიდან ვითარდება და სუნთქვის მზარდი უკმარისობით, ციანოზით, ძლიერი საერთო სისუსტით ხასიათდება. ესეც, რა თქმა უნდა, საყურადღებო ნიშნებია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, ჩუტყვავილას შეიძლება, ნევროლოგიური გართულებებიც ჰქონდეს. მაგალითად, მენინგოენცეფალიტი, ცერებელიტი - ეს გართულებები შესაძლოა, არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში,

    არამედ მისი გადატანის შემდეგაც განვითარდეს. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება, თითქოს, დასრულდა, სხეულზე გამონაყარი აღარაა, მაგრამ ბავშვს აქვს ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ესეც საკმაოდ საყურადღებო ნიშნებად უნდა ჩავთვალოთ და აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებას დროულად მივმართოთ. გარდა ამისა, არსებობს მეორადი ბაქტერიული ინფექციების განვითარების რისკიც. ჩუტყვავილის გამონაყარი შესაძლოა, გვექავებოდეს, ან სპონტანურად დაზიანდეს. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ამის ხშირი შემთხვევებია, როდესაც გამონაყარი ზიანდება და მეორადად ბაქტერიული ინფექცია ვითარდება. შედეგად, შესაძლოა, პაციენტს კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია აღენიშნებოდეს, შუპდება კიდური, ან ის მიდამო, სადაც ინფექცია შეიჭრა. ასევე, შეიძლება, გამოხატული იყოს მაღალი ცხელებაც. ასეთ დროსაც მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტს დროულად მივმართოთ.