საქართველოს ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
გიორგიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდა.
- გაიხსენე დღე, როდესაც თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდი. რამდენად დიდი პასუხისმგებლობა იგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაგ პერიოდის "დინამო" ის "დინამო" აღარ იყო, რაც მის ისტორიაში არსებობს, მაგრამ წარმოიდგინე, კაპიტანი ხარ იმ გუნდის, რომლის კაპიტნებიც იყვნენ მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი...
“პირდაპირ გეტყვი, რადგან გახსნილი გადაცემაა, ეგ გვარები, რომლებიც შენ ჩამოთვალე და ეგ თაობა,
ჩვენთვის საპატივცემულო ფეხბურთელები და უდიდესი ფეხბურთელები უდიდესი მიღწევებით, მაგრამ შემდეგ ისინი მოგვევლინენ, როგორც მწვრთნელები. მე პირდაპირ გეუბნებით და არ მოვერიდები ამის თქმას, ისინი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ დიდებული მწვრთნელები. აბსოლუტურად ორი სხვადასხვა პროფესიაა.
- 1981 წლის "დინამოდან", სახელები რომ გავმიჯნოთ, რომ ვიცოდეთ იმ გუნდების სახელები, რომლებიც შემდეგ სამწვრთნელო კარიერაში ძალიან მაღალ საფეხურზე იდგნენ, იყო ორი ადამიანი - ჩივაძე და ყიფიანი. ორივე იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. რას გულისხმობ შენ?
- 1981 წლის "დინამო" და მათი წარმატებები ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ისინი ჩვენთვის სათაყვანებელი ფეხბურთელები არიან და ის გვარები, რომლებიც ჩამოთვალე, ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ.
ვგულისხმობ "დინამოს" თაობას. მახსოვს, ჩემს თაობაში ვქომაგობდით საქართველოს ნაკრებს, მუდმივი წარუმატებლობა იყო... რა თქმა უნდა, იყო წარმატებული მატჩებიც, გვყავდა შესანიშნავი თაობა, თემურ ქეცბაია, შოთი არველაძე, გიორგი ქინქლაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გოჩა ჯამარაული... შესანიშნავი თაობა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მესმის, რომ ცუდი დრო იყო, მაგრამ ნახეთ, ფეხბურთი მუდამ ვითარდება. შენ თუ ოდესმე გაჩერდი და ჩათვალე, რომ ფეხბურთში ყველაფერი იცი და გესმის, შენ ყოველთვის ჩამორჩები. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები უკვე, რომლებმაც ფეხბურთის თამაში დაასრულეს და მოგვევლინენ უკვე ამ ბიჭების მწვრთნელებად, მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, ამ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში. ეს თაობა იყო საგანძური ქართული ფეხბურთისა და ჩვენ გვმართებდა, რომ ისინი უკეთესად გამოგვეყენებინა. იქ არსებობს სხვადასხვა არგუმენტი, რომ "იცი რა, მაშინ არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით, მაშინ არ ვიცოდით, რა უნდა გვეჭამა და დაგველია", გასაგებია, ისევე არ იცოდნენ სხვა ერებმაც... ამათი ვალდებულება ის იყო, რომ გარდა იმისა, რომ იყვნენ ძალიან დიდი ფეხბურთელები, როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, მათ თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ. ეს დღესაც ასეა. მაგალითად, ფეხბურთელები, რომლებსაც უდიდესი კარიერა აქვთ, შემდეგ უკვე მაკვირვებენ, როგორც მწვრთნელის რანგში, ისეთ რაღაცებს აკეთებენ, თითქოს ფეხბურთი არც უთამაშიათ. სამწვრთნელო სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება ფეხბურთელის პროფესიისგან", - განაცხადა გველესიანმა.