სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 5 რჩევა რომელიც ველურ ბუნებაში თვითგადარჩენისთვის დაგეხმარება

    5 რჩევა რომელიც ველურ ბუნებაში თვითგადარჩენისთვის დაგეხმარება
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თუ სალაშქროდ წასვლა გაქვს გადაწყვეტილი, ალბათ, თავადაც გესმის, რომ წინ არაერთი გამოწვევა გელოდება. ამისთვის ფიზიკურად და მენტალურად მზად უნდა იყო. სამწუხაროდ, მსგავს ვითარებაში ზოგჯერ არა ნებაყოფლობით, გარემო პირობებიდან გამომდინარეც შეიძლება აღმოვჩნდეთ, ამიტომ, სასურველია, ვფლობდეთ იმ საბაზისო ინფორმაციას, რომელიც ამ მდგომარეობაში გადარჩენაში დაგვეხმარება. დღეს სპეციალურად შენთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოვამზადეთ. თვალი გადაავლე ჩვენს რეკომენდაციებს, როგორ უნდა გადარჩე ველურ ბუნებაში.

    სად შევაფაროთ თავი?

    პირველი, რაც უნდა გააკეთო, უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაა, სადაც ღამეს გაათევ. ამისთვის მშრალი და მტაცებლებისგან მოფარებული ადგილი უნდა მოძებნო. დარწმუნდი, რომ უამინდობისას წყალი არ ჩამოგივა, ქარი არ შეგაწუხებს და თბილად იქნები. შენი კომფორტის მოსაწყობად ხის ტოტები, ფოთლები და ქვები შეგიძლია გამოიყენო. ასევე, გაითვალისწინე, რომ თავშესაფარი მდინარისგან მოშორებულ ადგილას იყოს განთავსებული, რათა თავიდან აირიდო დატბორვის რისკები. თუ შენი დროებითი საცხოვრებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შეგიძლია, თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნო.

    როგორ დავანთოთ კოცონი?

    მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი კოცონის დანთებაა, რაც გაგათბობს, საჭმლის მომზადებაში დაგეხმარება და შესაძლოა მტაცებლებისგანაც დაგიცვას. თუ შიშველი ხელებით გიწევს კოცონის გაჩაღება, პირველ რიგში მოაგროვე მშრალი ტოტები, ფოთლები და ბალახი, რომლებიც ადვილად აალდება. დროდადრო ცეცხლის გასაძლიერებლად საშუალო ზომის ტოტებიც დაგჭირდება. ცეცხლის დანთებას ქვების ან ტოტების ერთმანეთზე ხახუნის შედეგად შეძლებ. ეს დიდ მოთმინებასა და ყურადღებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც პატარა კოცონს ააგიზგიზებ, თანდათან ტოტები უნდა დაამატო და ყურადღება მიაქციო, რომ ნიავმა არ ჩააქროს. ეს არის და ეს.

    როგორ მოვიპოვოთ სუფთა წყალი და საკვები?

    ბუნებრივია, გადარჩენისთვის ასევე დაგჭირდება სასმელი წყალი და საკვები. სუფთა წყლისთვის შეგიძლია ნაკადული ან მდინარე მოძებნო. მხოლოდ, სანამ დალევდე, აუცილებლად აადუღე ან გაფილტრე წყალი. ამგვარად თავიდან აიცილებ ბაქტერიებით ან პარაზიტებით მოწამვლას. რაც შეეხება საკვებს, ამ მხრივ, ველური მცენარეები გამოგადგება, თუმცა ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ შხამიანი არაა. ჭამე მხოლოდ ის მცენარეები ან ხილი, რომლებიც შენთვის კარგად ნაცნობია. თუ ნადირობას გადაწყვეტ, შეგიძლია თავადვე მოამზადო პატარა ხაფანგები მცირე ზომის ცხოველებისთვის ან ჯოხის დახმარებით თევზაობა სცადო. თუ გაგიმართლა და სანადირო დანა აღმოგაჩნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაგიმარტივდება.

    როგორ ვიქცევით თუ გზა აგვებნა?

    თუ გზა აგებნა და არ იცი, საით უნდა წახვიდე, პირველ რიგში შეეცადე დამშვიდდე. მთავარია, პანიკას არ აჰყვე. ერთი წამით გაჩერდი და კარგად დააკვირდი რას ხედავ გარშემო. დღის საათებში გზამკვლევად მზე შეგიძლია გამოიყენო. ღამით – ვარსკვლავები. ციური სხეულები ორიენტირებაში დაგეხმარება. ეცადე, იპოვე შემაღლებული ადგილი, საიდანაც კარგად გამოჩნდება უახლოესი დასახლებული წერტილი. ასევე შეგიძლია გაჰყვე მდინარის ან ნაკადულის მიმართულებას. ეს გზაც დიდი ალბათობით დასახლებულ პუნქტამდე მიგიყვანს. შენი ტრაექტორია ქვებით ან ტოტებით შეგიძლია მონიშნო, რათა საჭიროების შემთხვევაში, უკან დაბრუნებაც მარტივად შეძლო. თუ დახმარებას ელოდები, ეცადე დარჩე იმ ადგილზე, სადაც გზა აგებნა და რაიმე გზავნილით ანიშნო სამაშველო სამსახურს შენი მდებარეობა, რათა უფრო მარტივად გიპოვონ.

    როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ექსტრემალურ სიტუაციაში

    ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციებს არ აჰყვე და სიმშვიდე შეინარჩუნო. შეეცადე ღრმად ისუნთქო. ჩაისუნთქე და ნელა გამოუშვი ჰაერი ფილტვებიდან. სუნთქვითი სავარჯიშოები კონცენტრაციაში დაგეხმარება. ცივი გონებით შეაფასე სიტუაცია. რა რისკების წინაშე დგახარ? საიდან მოელი საფრთხეს? შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეცადე, იპოვო პრობლემების შესაბამისი გამოსავალი. იყავი ორგანიზებული – ჩამოწერე (თუ შეგიძლია) ან გონებაში დაალაგე, რა ნაბიჯები უნდა გადადგა. არც ერთი წამით არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა – გახსოვდეს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამისთვის მხოლოდ დაფიქრებაა საჭირო. ხშირად გაუმეორე საკუთარ თავს - ,,მე ამას შევძლებ!"

    შეჯამება

    ბუნებაში დამოუკიდებლად გადარჩენა მარტივი არაა, მაგრამ შემართება და საჭირო ცოდნა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. თითოეულმა ნაბიჯმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს შენი გადარჩენისთვის, ამიტომ გაითვალისწინე ეს რჩევები და იყავი მზად ნებისმიერი სირთულისთვის. გახსოვდეს, მთავარია, არ დანებდე და ცივი გონებით იმოქმედო.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ